ტრაგედია მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანია მშვიდობა” – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ადგილობრივებს
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მივიდა. IPN-ის თანახმად, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უბედური შემთხვევა სადაც მოხდა, სამშენებლო ტერიტორია არ არის.
როგორც ფუტკარაძე ამბობს, ბინების მშენებლობა ჯერჯერობით არ არის დაწყებული, ადგილზე მხოლოდ და მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოებია.
„ოცნების ქალაქის“ დასახლებაში პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების შემდეგ, ბარაკების დემონტაჟი მოხდა. სხვადასხვა პირები აქ აჟიტირების შემოტანას ცდილობენ. გთხოვთ დამშვიდდით, ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, უშუალოდ “ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე ბარაკების დემონტაჟი მოხდა და ისინი ბინებში არიან გადაყვანილი.
ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, სპეკულაციებს ცდილობთ. მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება იქნება შესაბამის ზომები. დასრულდა ტენდერი და ვიწყებთ. ტრაგედია მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანია მშვიდობა. მოსახლეობა აღელვებულია”,- აღნიშნა ჯაბა ფუტკარაძემ მედიასთან საუბრისას.
ჯაბა ფუტკარაძის გამოჩენას, მოქალაქეების ნაწილი აღაშფოთა . ისინი ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და სამშენებლო უსაფრთხოების ზომების დაცვის უგულებელყოფაზე საუბრობდნენ.
“ორი ბავშვი დაიღუპა უსაფრთხოება სად არის დაცული?” – მიმართეს შეკრებილებმა მოქალაქეებმა ფუტკარაძეს.
როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა რამაზ ჯინჭარაძემ განაცხადა, ბავშვები იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, საიდანაც მოქალაქეების გასახლება მოხდა.
მისი თქმით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ.
“უბედური შემთხვევა მოხდა. ბავშვები თხრილში ჩავარდნენ, რომელიც კუსტარულად იყო მოწყობილი და იქ კანალიზაცია ჩაედინებოდა. ძველი სახლები რომ დაინგრა, იქ მოხდა შემთხვევა. ბავშვები მეზობლები იყვნენ. ორივე პროზექტურაშია გადასვენებული”,- აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში ორი მოზარდი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. უბედურ შემთხვევას 3 და 6 წლის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, თხრილი, რომელშიც ბავშვები ჩავარდნენ, წყლით იყო სავსე.
დაღუპული ბავშვების ოჯახებს უკვე მიუსამძიმრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ. თანადგომასთან ერთად, მან ოჯახებს მხარდაჭერაც გამოუცხადა.
“ოცნების ქალაქში” მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარი გაავრცელა ირაკლი კობახიძემაც.
“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ, რომელთაც უბედური შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი შვილები დაკარგეს. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახებს, ახლობლებს, ყველას, ვინც ამ უსაზღვრო ტკივილს განიცდის”, – წერია კობახიძის სამძიმრის წერილში.