“ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის” – სალომე ზურაბიშვილი აფხაზ ხელოვანთა “ოქროს ფონდის” დაწვაზე

საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხელოვნების ნიმუშების განადგურებას.
სალომე ზურაბიშვილის თანახმად, მომხდარი არის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლებისა და ს საოკუპაციო ძალების მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის უგულებელყოფის შედეგი.
“ხანძარი, რომელმაც გაანადგურა ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის ეროვნული გალერეა, ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის. ვწუხვარ იმის გამო, რაც წარმოადგენს პირდაპირ შედეგს კულტურული მემკვიდრეობის უგულებელყოფისა როგორც დე ფაქტო ხელისუფლების, ასევე რუსი ოკუპანტების მხრიდან“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს, “ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე”.
ს მხატვართა კავშირის“ შენობის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი, რომლის შედეგადაც „ეროვნული სამხატვრო გალერეის“ თითქმის მთელი ფონდი დაიწვა, კვირას ღამით გაჩნდა.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. კულტურის მინისტრის, დინარა სმირის განცხადებით, ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 150-მდე გადარჩა. განადგურდა ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ყველა ნამუშევარი.
· აფხაზეთის ეროვნული გალერეა შეიქმნა 1963 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიერ გამოცემული ბრძანებულების საფუძველზე. მის დაარსებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სოხუმის მკვიდრმა, ხელოვნების დიდმა მოყვარულმა, ექიმმა იეზეკიელ ფიშკოვმა, რომელმაც გალერეას სახლი და 60 ტილო შესწირა.
· 1964 წლის 17 მარტს, როცა გალერეა გაიხსნა, დაწესებულებას თავისი ნამუშევრები გადასცეს მხატვრებმა მ. ეშბამ, ო. ბრენდელმა, ი. ცომაიამ, ი. ივანბამ და სხვ. თავდაპირველად გამოიფინა 100 ნახატი და 20 სკულპტურა. დროთა განმავლობაში კოლექცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და გამდიდრდა.
· გალერეის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 1985 წლის 17 მარტს, როცა ექსპოზიცია გადავიდა ახალ მისამართზე, ლაკობას 17-ში. ამავე დღეს აფხაზეთში გადაასვენეს ცნობილი აფხაზი მხატვრის, ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ნეშტი.
· აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი ე.წ. პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას გადაწყვეტილებით, გალერეას გამოუყვეს ახალი შენობა – პუშკინის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ქალთა გიმნაზიის სახით, თუმცა ფინანსური სახსრების უკმარისობის გამო ვერ მოხერხდა შენობის სათანადო მდგომარეობაში მოყვანა.