გამოცემა Soccernews-ი „ტოტენჰემის“ მხრიდან გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით დაინტერესებაზე წერილს აქვეყნებს.
„ესპანური გამოცემის, Fichajes-ის ცნობით, „ტოტენჰემი“ „ვილიარეალის“ ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის გადაბირებითაა დაინტერესებული და დაახლოებით 50 მილიონი ევროს შეთავაზებას ამზადებს – ეს ქართველი თავდამსხმელის კონტრაქტის (რომელიც 2031 წლამდეა გათვლილი) გამოსასყიდი თანხაა.
„ტოტენჰემის“ მწვრთნელს, თომას ფრანკს ოთხი თავდამსხმელი ჰყავს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციებით, მათი თამაშით უკმაყოფილოა – დომინიკ სოლანკე, რიშარლისონი, რენდალ კოლო მუანი და მატის ტელი მწვრთნელის იმედებს ბოლომდე ვერ ამართლებენ.
„ბრენტფორდში“ წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ ფრანკს კვლავ სურს ივან ტონისთან მუშაობა, მაგრამ, როგორც ჩანს, „ტოტენჰემი“ იმ ხელფასს ვერ გადაუხდის, რომელსაც 29 წლის ფეხბურთელი „ალ აჰლიში“ იღებს.
აქედან გამომდინარე, ლონდონელებმა ყურადღება მიქაუტაძეზე გადაიტანეს. ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე „ვილიარეალში“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 12 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ლა ლიგის კლუბში ქართველ თავდამსხმელს ძალიან აფასებენ და გამოსასყიდი თანხის გარეშე მის გაშვებას არც კი განიხილავენ“, – ამტკიცებს გამოცემა.




