“კანონში ცვლილებები, რაც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა არის ტოტალური აკრძალვების და გაჩუმების მცდელობა,“ – ამის შესახებ რადიოგადაცემაში „საქმე“ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა ისაუბრა.
„ტოტალური გამკაცრება რბილი ნათქვამია, ეს ცვლილებები უფრო ტოტალური აკრძალვების და გაჩუმების მცდელობაა. ეს არის კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანის გაჩუმების მცდელობა. პარლამენტი, რომელიც საკუთარ თავს ლეგიტიმურს უწოდებს, ცენზურის კანონებს იღებს. სადაც კი რაიმე წინააღმდეგობის კერას დაინახავს „ქართული ოცნება“, ყველა ამ კერის ჩაქრობას ცდილობს.
საჯარო სამსახურთან მიმართებით კანონი იმის გაგრძელებაა, რაც გასულ კვირებში „ქართულმა ოცნებამ“ რეორგანიზაციების პროცესის გამარტივების შემდგომ დაიწყო. უკვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად აქციეს დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეები. ამ ცვლილებებით, რეპრესიების იმდენად სწრაფ რეჟიმში არიან გადასულები, რომ სრულყოფილად განხორციელებას ვერ ახერხებენ და გზადაგზა შეცდომებს უშვებენ.
შეცდომები გაეპარათ იგივე თუნდაც მოქალაქეობის, სახელმწიფო ენის კუთხით, ასევე კანონპროექტის თავდაპირველ რედაქციაში სრულწლოვანება არ მოითხოვებოდა დეპარტამენტის უფროსებსა და მათ მოადგილეებზე და ეს ჩაასწორეს მოგვიანებით.
საჯარო სამსახურის კანონთან მიმართებით ძირითადი ცვლილებები ეხება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს. ადრე თუ ეწერა რომ ერთი თვით ადრე უნდა შეეტყობინებინა სამსახურს განთავისუფლების შესახებ და ერთი თვის კომპენსაცია მიეცა დასაქმებული პირისთვის, ერთი თვე მაინც უწევდა რომ სამსახურში გაეჩერებინა ეს ადამიანი, ახლა შესაძლებელია რომ 3 დღით ადრე შეატყობინოს და 2 თვის კომპენსაცია მისცეს. შესაბამისად, კანონის ამოქმედების მომენტიდან, სამსახურის ხელმძღვანელს 3 დღეში შეუძლია ნებისმიერი დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე გაათავისუფლოს სამსახურიდან.
კიდევ ერთი ცვლილება ამ კანონით არის ის რომ, როდესაც შეუწყდება უფლება კონკრეტულ სახელმწიფო თანამდებობის პირს, ავტომატურად ხელშეკრულება უწყდება მის დაქვემდებარებაში მყოფ დეპარტამენტის უფროსს, მის მოადგილეს, ეს ეხებათ როგორც სამინისტროებს, ასევე სსიპ-ებსაც. შესაბამისად, თუ ახალმა ხელმძღვანელმა არ გადაწყვიტა, რომ დეპარტამენტის უფროსი და მოადგილე ისევ დატოვოს თანამდებობაზე, ისინი ავტომატურად თავისუფლდებიან თანამდებობიდან,“ – განაცხადა სიმონიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”.
წყარო: bpn.ge
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/br_w_h-VJpxuB-300x169.jpeg)