“ბევრი რამის თქმა მინდა და ფბ სტატუსებში არ ეტევა. თან მეჩხუბებიან გრძლად ნუ წერო. რაც არის ეგ არის.
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თემატიკაში აგვისტოს ომის იმ კონტექსტში ჩართვა, რომ ომი გამოიწვია მაშინდელმა ხელისუფლებამ არის რუსული საქმის კეთება.
ჭეშმარიტება N1. რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და საქართველო იცავდა თავს. ომი დაიწყო რუსეთმა. ამის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნიშნავს პოლიტიკურად თავდაცვის უფლების ჩამორთმევას საქართველოსთვის. ეს ნიშნავს სუვერენიტეტის გაუქმებას.
ფაქტი N2. დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ მოგვიწევს ამ დამოუკიდებლობის დაცვა. ამიტომ მტრების არ გაღიზიანების პოლიტიკა ასევე გულისხმობს სუვერენიტეტის გაუქმებას.
ფაქტი N3. თუ რუსეთის მიერ ჩვენზე თავდაუსხმელობის პირობა იქნება ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ როგორც სახელმწიფოს არ გაგვაჩნია საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმოების უფლება და თუ ჩვენ ამ პირობას ვიღებთ, გამოდის რომ უარს ვამბობთ სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილზე და ერთგვარ ვასალურ სახელმწიფოს წარმოვადგენთ.
ფაქტი N4. თუ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ხოლო ხელისუფლება უარს ამბობს ამ კურსზე და მიზეზად რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს ასახელებს, ეს ნიშნავს, რომ ის უარს ამბობს განახორციელოს თავისი სუვერენიტეტი და საგარეო პოლიტიკა იმ მანდატის ფარგლებში აწარმოოს, რომელიც ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს.
ფაქტი N5. ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი და ეს კრიზისი გამოწვეულია ქართულ ოცნებასა და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შორის ფუნდამენტური შეუთავსებლობით და ეს კრიზისი ვერ განიმუხტება სანამ ყველა პოლიტიკური პატიმარი არ დატოვებს ციხეს და არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები, რადგან ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერების მანდატი იმ ხალხის უმრავლესობასაც კი არ მიუცია ქართული ოცნებისთვის, ვინც გულწრფელად მისცა ხმა.
ფაქტი N6. მეტი პოლიტიკური პატიმარი ნიშნავს კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას და არა მის აღმოფხვრას.
ქართული ოცნება ამ ბრძოლას ვერ მოიგებს, რადგან ის პირობად აყენებს, რომ თავი გავიუქმოთ, თავს კი ვერ გავიუქმებთ,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ტორესა მოსი.