“როდესაც დანაშაულად ცხადდება ადამიანების დახმარება, ეს წესრიგი ვერ იქნება წესრიგი, რომელსაც შეიძლება სიმართლის ნატამალი მაინც ჰქონდეს.
ადამიანობის არსი, არის თანაგრძნობა, სხვისი ტკივილის თანაგანცდა, გაჭირვებულის დახმარება. არაფერია ამაზე აღმატებული.
სისტემა, რომელიც ადამიანობას დანაშაულად აცხადებს, არის აბსოლუტური ბოროტება. ის პირველ რიგში ადამიანობას ანადგურებს საკუთარ მსახურებში.
გეშინოდეთ არა მათი, ვისაც თქვენთვის ფიზიკური ზიანის მოყენება შეუძლია, არამედ გეშინოდეთ მათი, ვინც თქვენ ადამიანობაზე და თქვენ სულზე ნადირობს.
ჩვენ არ გვჭირდება შეწყალება, ჩვენ ადამიანები ვართ და იმას ვაკეთებთ, რაც ჩვენივე ადამიანური ბუნებისთვის არის აუცილებელი. თქვენი თავი შეიცოდეთ და თქვენი ახლობლები, ვინც ამ განსხეულებულ ბოროტების სისტემას ემსახურებიან, რადგან მათთვის არ იარსებს მიტევება იმ ქვეყნად.
შეგახსენებთ, ქრისტე გვეუბნება, მოვალ მე და გეტყვით, რომ მშიოდა და არ მაჭამეთ, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, პატიმრობაში ვიყავი და არ მომიკითხეთ. და მიუგებენ მას და ჰკითხავენ, უფალო ოდეს გიხილეთ მშიერი, ან შიშველი, ან პატიმრობაში მყოფი? და მოუგებს უფალი და იტყვის: ყოველი მათგანი, რომელსაც გულგრილად გვერდი აუარეთ, მე ვიყავი.
ქოცებო, დღე და ღამ ვლოცულობ თქვენი დაღუპული სულებისთვის, რამეთუ ჭეშმარიტად არ იცით რასა იქმთ. ჩემი გული შეძრწუნებულია იმ საშინელებით, რომელსაც საკუთარ თავს უკეთებთ.
არც ერთი ადამიანი, რომელიც უსამართლოდ დევნეთ, უსამართლოდ დაიჭირეთ, უსამართლოდ გვემეთ არ იღებს იმხელა ზიანს, რამდენსაც თავად თქვენ. ყოველი მათგანი მიიღებს ამისთვის ჯილდოს. გაიხსენეთ 9 ნეტარება, რომელიც ასე სრულდება: ნეტარ იყვნენ თქვენ, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა.
საკუთარ თავში ადამიანობას ანადგურებთ და ამაზე უარესი ამ სამყაროში ვერ იქნება ვერაფერი. გონს მოეგეთ, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია, შეინანეთ და პირველი რიგში საკუთარ თავში ადამიანი გადაარჩინეთ.
სულ ერთია რას გაგვიკეთებთ, დაგვიჭერთ, გვაწამებთ თუ დაგვხოცავთ. ვერ მოიგებთ ვერაფერს. მთელი თქვენი ცხოვრება იქნება ჯოჯოხეთი ამ ქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ტორესა მოსი.