ბუნებრივი რესურსები ყველა პროდუქტისა და ნაწარმის პირველადი შემადგენელი ნაწილია. თანამედროვე ტექნოლოგიების შესაქმნელად ისეთი სახის ბუნებრივი რესურსები გამოიყენება, როგორებიცაა ლითიუმი, ურანი, ქვანახშირი, ნავთობი, იშვიათი მიწამეტალები თუ სხვა. ზოგადად, ინდუსტრიების მთავარი დასაყრდენი სწორედ ზემოთ აღნიშნული ბუნებრივი რესურსებია.
ქვეყნები ბუნებრივ რესურსებს სხვადასხვა მოცულობით ფლობენ. მარაგების რაოდენობა ხშირად სახელმწიფოთა ფართობზე, მათ გეოგრაფიულ მდებარეობაზე თუ მომპოვებელ პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. მაგალითად, რუსეთი ბუნებრივ რესურსებს ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ იმ მიზეზით ფლობს, რომ ფართობით მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფოა. ასევე, ცნობილია, რომ ახლო აღმოსავლეთი ნავთობითა და ბუნებრივი აირით მდიდარი რეგიონია, შესაბამისად, ამ რეგიონის ქვეყნებს აღნიშნული წიაღისეულის დიდი მარაგები აქვს. რაოდენობის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ ბუნებრივი რესურსების ღირებულება.
Statista-ს მონაცემებით, 2021 წლის მდგომარეობით, ბუნებრივი რესურსების ღირებულებით პირველ ადგილს რუსეთი იკავებს. ქვეყანა $75 ტრილიონის ღირებულების ქვანახშირის, ნავთობის, ოქროს, ბუნებრივი აირისა და იშვიათი მიწამეტალების მარაგს ფლობს. რუსეთი განსაკუთრებით დიდი მოცულობით ფლობს ბუნებრივი აირისა და ოქროს მარაგებს. ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი რეზერვი, 0.037 კვადრილიონი კუბური მეტრი, სწორედ რუსეთშია, რაც გლობალური მარაგების 20%-ს წარმოადგენს.
მეორე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელიც $45 ტრილიონის ღირებულების ქვანახშირს, ხის მასალას, ბუნებრივ აირს, ოქროსა და სპილენძს ფლობს. რეიტინგში მესამე საუდის არაბეთია, რომლის ბუნებრივი რესურსების პორტფელი საკმაოდ მწირი, თუმცა ღირებულია. საუდის არაბეთი დაახლოებით $34 ტრილიონის ღირებულების ნავთობს ფლობს.
რესურსების საერთო ღირებულებით ქვეყნების ხუთეულში კანადა ($33 ტრილიონი) და ირანიც ($27 ტრილიონი) ხვდება. კანადაში სტანდარტული წიაღისეული რესურსების გარდა, დიდი მოცულობით გვხვდება ურანი და ფოსფატიც. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მეათეადგილოსანი, ვენესუელა, მსოფლიოში ნავთობის უდიდეს მარაგს ფლობს.
წყარო: forbs.ge