პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტომას ვაიცმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის წევრები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.
„წინასაარჩევნო პერიოდშიც, შერჩევითი წვდომა იყო მედიასა და საარჩევნო კამპანიაზე, ამიტომ ოპოზიციური პარტიებისთვის ეს ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე ხელისუფლებისთვის. ასევე, იყო გავლენა, იქნება ეს რუსული თუ ოლიგარქი ივანიშვილის წმინდა ბიზნეს ინტერესები. ვფიქრობ, არ ღირს იმის აღნიშვნა, თუ საიდან მოდის ეს გავლენა“, – განაცხადა ტომას ვაიცმა.
ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ არჩევნებზე დარღვევები სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებმა დააფიქსირეს.
„იყო აქტიური გაყალბების მრავალი შემთხვევა, როგორც ეს სხვადასხვა ინსტიტუტებმა აღნიშნეს, ასევე, არჩევნების შედეგების მასიური მანიპულირება და ეს ყველაფერი ჩემთვის არალეგიტიმურ მთავრობას ნიშნავს, იმ სტანდარტებთან შედარებით, რაც ევროკავშირში გვაქვს. ვფიქრობ, ეს უნდა ვთქვათ. უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ისინი ქვეყანას ევროკავშირს ერთი სანტიმეტრითაც კი ვერ დაუახლოებენ. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ. მკაფიოები უნდა ვიყოთ, რომ ისინი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებენ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.