ბათუმში, გაგარინის ქუჩის #1-ში, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ახალი სამღებრო-სათუნუქე სივრცე ოფიციალურად გაიხსნა. „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ტერიტორიაზე განთავსებული სამღებრო-სათუნუქე პირველია დასავლეთ საქართველოში, რომელიც მომხმარებელს ტოიოტას სტანდარტების მიხედვით მოემსახურება. ახალი სივრცის გახსნასთან ერთად, კომპანიამ ტოიოტას განახლებული, მეორე თაობის C-HR-ის პრეზენტაციაც გამართა.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ სამღებრო-სათუნუქე სივრცეში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი დაზიანების მქონე ავტომობილის შეკეთება, უახლესი დანადგარებისა და ტექნოლოგიების საშუალებით. მომხმარებლები ადგილზე მიიღებენ ისეთ მომსახურებებს, როგორებიცაა ავტომობილის დაშლა-აწყობა, სათუნუქე სერვისები, სამღებრო სამუშაოები, ფირის გადაკვრა ავტომობილზე და სხვა.
გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენს მომხმარებელს ძალიან საჭირო და სასიამოვნო სიახლეებს შევთავაზებთ. ტოიოტას სტანდარტებით აღჭურვილ სივრცეში ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები ქარხნული სიზუსტის მისაღწევად გამოიყენებენ მწარმოებლის მიერ დადგენილ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე ინსტრუმენტებს. „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ახალი სამღებრო-სათუნუქე საამქრო სხვადასხვა სერვისს აერთიანებს. გამორჩეულია შეღებვისა და ფერთა შეზავების მიმართულება, ცალკეა გამოყოფილი თვლების შეყრის სივრცე, ასევე ხელმისაწვდომი იქნება ავტომობილზე ფირების გადაკვრის სერვისი. ამ სივრცის გახსნით მომსახურების სრული ჯაჭვი იკვრება – ავტომობილის შეძენა-სერვისიდან შეკეთებამდე. ჩვენი მომხმარებელი ნებისმიერ მომსახურებას, რომლებიც შეიძლება ავტომობილთან დაკავშირებით დასჭირდეს, უკვე სრულყოფილად მიიღებს“.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმში“ პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი Toyota C-HR-ის ახალი მოდელიც წარუდგინეს. მეორე თაობის C-HR განახლებულია როგორც ვიზუალური, ისე ფუნქციონალური პარამეტრებით.
გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „ჩვენს მომხმარებლებთან ერთად, მოუთმენლად ველოდით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელის ახალ თაობასთან პირველ შეხვედრას – შთაბეჭდილებამ, დარწმუნებული ვარ, მოლოდინს გადააჭარბა. გარანტირებული ხარისხი, სანდოობა, ეკონომიურობა და დიზაინი, რომელიც არასდროს დარჩება შეუმჩნეველი – ეს ავტომობილი ნამდვილად შექმნილია მიზანსწრაფული და თავდაჯერებული ინდივიდებისთვის, რომლებიც თამამად ხვდებიან თანამედროვე გამოწვევებს. „
ექსპრესიული დიზაინით, მართვის სიმსუბუქითა და საწვავის ეკონომიური მოხმარებით გამორჩეული ახალი მოდელი წარმოდგენილია მხოლოდ ჰიბრიდული ძრავით. სტანდარტულ 1.8 და 2.0 ძრავაზე მომუშავე ორი წამყვანი თვლის მქონე მოდელებს დაემატა 2.0 ძრავაზე მომუშავე ოთხივე წამყვანი თვლის მქონე ავტომობილი. სიმძლავრეც, შესაბამისად, 140 და 196 ცხენის ძალაა. განახლებული მოდელი მაქსიმალურად ეკომეგობრულია, ინტერიერის ძირითადი ნაწილი ვეგანური მასალისაგანაა დამზადებული.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ღონისძიება Courtyard by Marriott Batumi-ს, „თიბისი დაზღვევისა“ და სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას 250-მდე სტუმარი დაესწრო, რომელთა შორისაც იყვნენ კომპანიის ლოიალური მომხმარებლები და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები.
—
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.