„ტკივილები მქონდა, კამერა არ მქონია“ – რა თქვა 21 წლის დევიძის საქმეზე პოლიციელმა სასამართლოში

საქმეში სამი ადამიანია დაზარებულად ცნობილი. პროკურატურამ 7 თებერვალს მოსამართლის წინაშე დასაკითხად ერთი მათგანი, მოწმე-პოლიციელი ბიძინა ჟამერაშვილი წარადგინა.
ვინ არის მათე დევიძე
მათე დევიძეს 21 წელი საპატიმროში შეუსრულდა. იგი 2024 წლის 19 ნოემბერს დააკავეს – ს შედეგების – რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღიარებს – წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
ბრალდების მტკიცებით, მათე დევიძე სამართალდამცავებს 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“. მათე დევიძის პოზიციაა, რომ ჯოხი თავდაცვის მიზნით მოიქნია.
მისი საქმის არსებითი განხილვა 30 იანვარს დაიწყო. საქმეს განიხილავენ მოსამართლეები ნინო გალუსტაშვილი და ჯვებე ნაჭყებია.
ჟამერაშვილმა დღეს სასამართლოზე განაცხადა, რომ მათე დევიძემ მას და სხვა პოლიციელს ჯოხი დაარტყა.
მან სასამართლოს წარუდგინა თავისი ვერსია, თუ რა მოხდა 2024 წლის 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე, სადაც მათე დევიძე დააკავეს.
„მივდიოდი ს მიმართულებით. დავინახე, რომ მოიქნია ჯოხი და მოხვდა [პოლიციელ] გიორგი ესტატიშვილს, კიდევ მოიქნია ეს ჯოხი და გადამარტყა მხრის და ბეჭის არეში. მოვუწოდე, რომ დაგვეკავებინა და დავაკავეთ“, – თქვა მან.
მას დაკავებულის ადვოკატმა ჰკითხა, უნდა დაისაჯოს თუ არა მათე დევიძე?
პოლიციელმა ამ კითხვას არ უპასუხა. პროკურორმა ადვოკატის ეს კითხვა გაასაჩივრა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილიც დაეთანხმა – მათი თქმით, ეს შეფასებითი კითხვა იყო.
„ტკივილები მქონდა“
პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილს კითხვები დაუსვა:
– „რა შემხებლობაში იყავით მათე დევიძესთან?“
– „ორ მეტრამდე დისტანცია იყო [ჩვენ შორის], შემხებლობა არ მქონია. აქცენტი იყო მელიაზე, დისკუსიაში იყო შესული მასთან პოლიციელი. [დევიძე] ამ დროს გამოიქცა ჩემკენ და გადამარტყა ჯოხი. ჯოხი გატყდა. შემდეგ გაიქცა. ვიზუალურად აღმენიშნებოდა სიწითლე და ტკივილები მქონდა. კოდელაშვილი არ დამინახავს, მერე აღმოჩნდა, რომ კოდელაშვილსაც მოხვდა“, – თქვა პოლიციელმა.
– „როცა დაინახეთ, რომ ესტატიშვილს დაარტყა ჯოხი, ამის მერე წახვედით მისკენ?“
– „კიდევ ერთხელ ვიტყვი: ნიკა მელიასკენ მივდიოდით, მასთან შემხებლობა არ მქონია. პირადად ვკითხე განყოფილებაში, რატომ დამარტყი-მეთქი და შემეშინდაო, მიპასუხა… კადრები ვნახე, ჯოხის მოქნევა ჩანს, მივდივარ ამ დროს მათესკენ და მაგ დროს იქნევს ჯოხს. მომხვდა ზურგისა და ბეჭის არეში, შემდეგ მივდევთ და ვცდილობთ მის დაკავებას… საპატრულო პოლიციის ფორმა მეცვა.”
– „სამედიცინო შემოწმება როდის ჩაიტარეთ?“
– „ზუსტ დროს ვერ მოგახსენებთ, როცა აქციაა, იქ სასწრაფო ყოველთვის იმყოფება, ალბათ 15-20 წუთის მერე, შემთხვევის ადგილზევე.“
„ხალხის რაოდენობით“ – რით საზღვრავენ დაშლის საჭიროებას
მოწმე პოლიციელს კითხვები დაუსვეს მათე დევიძის ადვოკატებმა, თამარ ენუქიძემ და ნატო მამულაშვილმა. გამოკითხვა თამარ ენუქიძემ დაიწყო:
– „რომელ საათზე იყავით მელიქიშვილზე?“
– „ზუსტი დრო არ მახსოვს, – პირველ-ორ საათამდე იქ ვიყავი.“
– „ხალხის რაოდენობა?“
– „არ მახსოვს. კარვები იდგა, [გზა] გადაკეტილი იყო. ჩემი შეფასებით, ბევრი იყო, იყო ხალხის რაოდენობა. ჩვენი მოწოდება იყო, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია და იქიდან იყო შეძახილები, რომ ს მილიცია ვართ და მონები. ხმამაღალი ტექნიკა იყო და ის მოუწოდებდა/აფრთხილებდა.”
– „რა კანონდარღვევას სჩადიოდნენ, რატომ შლიდით?“
– „მაგისტრალი ჰქონდათ ცენტრალური დაკეტილი, რისი საჭიროებაც არ იყო.“
– „რითი საზღვრავთ საჭიროებას?“
– „ხალხის რაოდენობით, ეტაპობრივად მოვყვებოდით და ვწმინდავდით ადგილს ხალხის რაოდენობისგან. წმენდაში ვგულისხმობ, რომ გადასულიყვნენ სავალი ნაწილიდან ტროტუარზე.“
ამის შემდეგ ადვოკატმა მას მომხდარის დეტალურად გახსენება სთხოვა, რაზეც იგივე უპასუხა, რაც პროკურორს.
„არ მაქვს ტარების ვალდებულება“ – სამხრე კამერაზე
მეორე ადვოკატმა ნატო მამულაშვილმა აქციის დაშლის წესებზე შეკითხვით დაიწყო:
– „აქციის დაშლის შინაგანაწესი როგორია?“
– „დაშლა რას ნიშნავს?”
– „შინაგანაწესი… თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას აქციის დაშლაზე?“
– „სხვადასხვა დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებას, რომ, მაგალითად, არ არის საკმარისი რაოდენობა, რომ გადაიკეტოს და იწყება გაწმენდა.“
– „სამხრე კამერა გაქვთ?“
– „მე არ მაქვს და არ მაქვს ვალდებულება ტარების.“
– „აქამდე ყოფილხართ დაზარალებული?“
– „არა.“
– „სხვა საპროტესტო აქციაზე თუ ყოფილა თქვენზე თავდასხმა?“
– „არა.“
– „რამდენად იყო შესაძლებელი გაქცეულიყო მათე?“
– „ცდილობდა, მაგრამ ვერ გაიქცა, პოლიციელებმა ხელი შეუშალეს და დააკავეს.“
– „რა მანძილზე იყავით, როცა მოიქნია ესტატიშვილისადმი?“
– „გვერდიგვერდ.“
– „თქვით, რომ გაქვთ ვიდეო ნანახი, არ გახსოვთ რამდენჯერ მოიქნია? თქვენ რამდენჯერ მოგიქნიათ?“
– „არ მახსოვს.“
– „საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ კოდელაშვილსაც მოხვდა ჯოხი?“
– „ჩემი კოლეგაა.“
– „რით შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ ჯოხი იყო?“
– „დარტყმის შედეგად გადატყდა და ვნახეთ.“
– „რა დახმარება აღმოგიჩინათ ექიმმა?“
– „მხოლოდ გამსინჯა. შეთავაზება მქონდა, გამაყუჩებელი დამელია, მაგრამ არ მინდოდა, კუჭზე პრობლემა მაქვს.“
„ახალგაზრდა ბიჭია“
მოგვიანებით, სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას პოლიციელმა ჟამერაშვილმა განაცხადა, რომ მათე დევიძეს „ეგეთი რამე არ უნდა გაეკეთებინა“.
„ახალგაზრდა ბიჭია და ეგეთი რამე არ უნდა გაეკეთებინა, გულწრფელად გითხრათ, მეცოდება, რომ ამდენი წელი ციხეში უნდა იყოს. მისი ქმედებაა ეს და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას“, – თქვა მან.
მათე დევიძემ 16 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ არ იმსახურებს პატიმრობას:
„გიტარა მენატრება, პატიმრობა ეს არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, ჩემს შემთხვევაში პატიმრობა ყველაზე მკაცრია, არ ვიმსახურებ ამას“.
კიდევ უფრო ადრე, 2024 წლის 22 ნოემბერს, მოსამართლემ მათე დევიძისთვის წინასწარ პატიმრობის შეფარდების საკითხის განხილვას 25 წუთი დაუთმო.