სტატია მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ.
„მე და ბელარუსი ხალხი თქვენ გვერდით ვართ“, – ასე მიმართავს ბელარუსი ხალხის ლიდერი და სამშობლოდან დევნილი ოპოზიციონერი სვიატლანა ტიხანოვსკაია საქართველოს მოქალაქეებს და მოუწოდებს არ შეწყვიტონ ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომლიც სრულად შაბათს, “ტვ პირველის” ეთერში გადაცემაში “ხედვა ვაშინგტონიდან” გავა, ტიხანოვსკაია ამბობს, რომ როგორც საქართველოს, ასევე – ბელარუსის ადგილი ევროპაშია.
„რა თქმა უნდა, საქართველოც და ბელარუსიც იმსახურებს, რომ იყვნენ დამოუკიდებელი, ევროპელი ერები. ჩვენი ერების მომავალი ევროპაშია და არა – რუსეთთან. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნები, ორი ერი – ბელარუსი და ქართველი ხალხი – ცხოვრობდა იმპერიის ჩრდილში, რუსეთის იმპერიის ჩრდილში და ეს საკმარისია. ორივე ერი იმსახურებს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ევროპულ მომავალს”, – ამბობს ტიხანოვსკაია “ამერიკის ხმასთან” საუბრისას და განმარტავს, რომ “ქართული ოცნების” მიერ მიღებული კანონი ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ, ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.
“ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯები იმისკენ, რაც მოხდა ბელარუსში, სადაც დღეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ლიკვიდირებულია, განადგურებულია თავისუფალი მედია, პოლიტიკური სივრცე ცარიელია… იმედი მაქვს, რომ ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი ერთად იპოვის გამოსავალს ევროპული მომავლისთვის”, – აცხადებს ტიხანოვსკაია.
სვიატლანა ტიხანოვსკაია ბელარუსში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატად მას შემდეგ იქცა, რაც მისი მეუღლე, ოპოზიციონერი სერგეი ციხანუსკი დააპატიმრეს და პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა ვეღარ შეძლო.
2020 წელს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები არადემოკრატულად, არასამართლიანად და გაყალბებულად მიიჩნევს, ოფიციალურად კვლავ ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. თუმცა ევროკავშირშიც და ამერიკაშიც ტიხანოვსკაია ბელარუსი ხალხის რჩეულად მიიჩნევენ.
სვიატლანა ტიხანოვსკაია ინტერვიუს ვრცლად “ამერიკის ხმა” “ტვ პირველის” ეთერში შაბათს, 1-ელ ივნისს შემოგთავაზებთ. გადაცემა “ხედვა ვაშინგტონიდან” ეთერში 17:30 საათზე გავა.