„ტიტანიკის“ გადარჩენილი მგზავრის წერილი, რომელიც მან გემის ჩაძირვამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერა, აუქციონზე 400 000 აშშ დოლარად გაიყიდა

წერილი, რომელიც „ტიტანიკის“ მგზავრმა გემის ჩაძირვამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერა, დიდ ბრიტანეთში აუქციონზე რეკორდულ, 300 000 ფუნტ სტერლინგად (400 000 დოლარად) გაიყიდა.
პოლკოვნიკ არჩიბალდ გრეისის წერილი ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა მოსალოდნელ ფასზე ხუთჯერ ძვირად.
წერილი 1912 წლის 10 აპრილით თარიღდება, როდესაც გემი საუთჰემპტონის პორტიდან ნიუ იორკის მიმართულებით გავიდა. მისი დაწერიდან ხუთ დღეში ხომალდი აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა. წერილს „წინასწარმეტყველურს“ უწოდებენ, რადგან მასში პოლკოვნიკი გრეისი წერს, რომ დაელოდება თავისი მოგზაურობის დასრულებას გემის შეფასებამდე.
პოლკოვნიკი გრეისი ერთ-ერთი გადარჩენილი იყო „ტიტანიკის“ ბორტზე მყოფი 2 200 მგზავრსა და ეკიპაჟის წევრებს შორის. ხომალდის ჩაძირვის შედეგად 1500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
არჩიბალდ გრეისი პირველი კლასის მგზავრი იყო. მან წერილი C51 კაიუტიდან დაწერა. წერილი გაიგზავნა, როდესაც ხომალდი 11 აპრილს ირლანდიის ქალაქ ქუინსთაუნში შევიდა. მასზე 12 აპრილით დათარიღებული ლონდონის შტამპია დატანილი.
მოგვიანებით, პოლკოვნიკმა გრეისიმ წიგნი დაწერა, რომელშიც „ტიტანიკის“ ბორტზე მგზავრობისა და გადარჩენის ისტორია აღწერა. მან ოკეანეში გადატრიალებულ სამაშველო ნავზე ასვლა შეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ პოლკოვნიკი კატასტროფას გადაურჩა, მის ჯანმრთელობაზე სერიოზულად აისახა ჰიპოთერმია და ფიზიკური დაზიანებები. 1912 წლის 2 დეკემბერს ის კომაში ჩავარდა და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
წყარო: 1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ