მსოფლიოში ყველაზე დიდმა საკრუიზო გემმა მაიამიდან პირველი მოგზაურობა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ადამიანი აკრიტიკებს მის მფლობელებს და აცხადებენ, რომ გემი გამოყოფს დიდი ოდენობით მეთანს და გარემოს აზიანებს.
გემი ტროპიკებში 7 დღის განმავლობაში იმოგზაურებს. საკრუიზო ხომალდზე, რომელიც Royal Caribbean Group-ს ეკუთვნის, ერთდროულად, 7600 მგზავრის განთავსებაა შესაძლებელი.
ის თხევად ბუნებრივ აირზე მუშაობს, ამიტომაც მავნე მეთანი ჰაერში ჟონავს და გარემო მნიშვნელოვნად ბინძურდება.
Icon of the Seas 5-ჯერ უფრო დიდია ცნობილ “ტიტანიკზე”.
როგორც მისი დამპროექტებლები გვპირდებიან, დამსვენებლებისთვის ამ გემით მოგზაურობა სრულიად ახლებური გამოცდილება იქნება.
Icon of the Seas არაერთ გასართობ პარკს, რესტორანს და აუზს იტევს. ის უდიდესი აკვაპარკითაა აღჭურვილი და აქვს წყლის ექვსი სასრიალო. აქ 7 აუზი და 9 ჯაკუზია. აგრეთვე, გემზე 40 ბარი იქნება. ყველაზე უცნაური რამ კი, რასაც აქ ნახავთ, ჩანჩქერია.
Icon of the Seas მთელი წლის განმავლობაში კარიბის აღმოსავლეთ და დასავლეთ კუნძულებზე 7-ღამიან კრუიზებს მოაწყობს. ბიუჯეტიდან გამომდინარე, სხვადასხვა ფასიანი პაკეტების შერჩევაა შესაძლებელი.
ამ დროისთვის, ყველაზე იაფი ბილეთის ფასი დაახლოებით, 1900 დოლარიდან დაიწყება. ამ ფასად, 2024 წლის სექტემბერში 1 კვირით შეგეძლებათ გემის შიდა სალონში დარჩენა. ვისაც დასვენებაში ფული არ ენანება, 3 500 დოლარად შეეძლება ლუქს ოთახში 7 დღით ცხოვრება, თუმცა ფასები სეზონების მიხედვით განსხვავებულია.