შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტიკ-ტოკის ლაივში ბავშვის ცემის ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ქალი, რომელიც სავარაუდოდ, მის შვილიშვილზე ძალადობდა, უკვე დაკავებულია და ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
ბებიის წინააღმდეგ, რომელმაც ორ წლამდე ასაკის შვილიშვილს სოციალურ ქსელში – ტიკ-ტოკში 31 აგვისტოს, პირდაპირი ეთერის დროს სცემა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით არის დაწყებული.
რადიო თავისუფლებას პროკურატურაში განუცხადეს, რომ ქალს ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ.
ტიკ-ტოკ-ლაივის დროს მომხდარის ამსახველი ვიდეოს ჩანაწერი, სამართალდამცველებს სამოქალაქო აქტივისტმა ბექა კვაჭანტირაძემ მიაწოდა. ის დღეს თბილისში პოლიციაშიც იმყოფებოდა ჩვენების მისაცემად.
როგორც ბექა კვაჭანტირაძე უყვება რადიო თავისუფლებას, ის თავად არ ადევნებდა თვალს ტიკ-ტოკში 31 აგვისტოს გასულ კონკრეტულ ლაივს, და რომ, მას ჩანაწერი მიაწოდეს. მისი სიტყვებით, ოჯახი ხშირად მართავს ე.წ. ლაივ-მარათონებს, რომლის დროსაც “ბავშვს იყენებს თანხის შესაგროვებლად” და იმის გამო რომ ძალადობაში მანამდეც ჰყავდა შემჩნეული ეს ოჯახი, სოციალურ მომსახურების სააგენტოსაც მიმართა.
“მე როგორც ვიცი ორჯერ იყვნენ მისულები სოციალური აგენტები, მაგრამ “პრობლემა ვერ დაინახეს”, ბავშვს აქვს ჭერი და ა.შ. [ოჯახი და დედაც] ორსულობის დღიდან, ისინიც ამ ბავშვის საშუალებით შოულობენ ფულს, მართავენ მარათონს, თითქოს ბავშვს სჭირდება ფული, რომ ტელევიზორს უყუროს და ა.შ, ბავშვის სახელით აგროვენ ფულს, წამორტყმები და დაყვირება მანამდეც იყო”,- ამბობს ბექა კვაჭანტირაძე.
ვიდეოში, რომელიც მან გაავრცელა, ჩანს ქალი, რომელიც ორ წლამდე ასაკის ბიჭს აჭმევს, კადრში არ ჩანს, მაგრამ ბებიის სიტყვების მიხედვით ირკვევა, რომ ბავშვმა თეფში გადააყირავა და საკვები დაღვარა, რის გამოც ქალი ბავშვს უყვირის და რამდენჯერმე ურტყამს.
“ერთი წლის რომ თავხედი იქნება, 15 წლისას მოდრიკავ მერე იმას?”- ამბობს ქალი და თავის შვილის მიმართავს “არც ძუძუ არ მისცე, ნათია, თორემ ორივეს გაგყრით”.
ვიდეოში ჩანს, რომ ქალი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს სოციალურ ქსელის იმ მომხმარებლებს, რომლებიც ლაივ ჩართვის დროს ბავშვს ექომაგებიან, ბებიის საქციელს კი აკრიტიკებენ.
დედის დაკავებას ასევე ტიკ-ტოკში გამოეხმაურა, მცირეწლოვანი ბავშვის დედა. დაკავებული ქალის შვილი, ყველას ვინც ვიდეო გაავრცელა, მათ შორის ბექა კვაჭანტირაძეს, სასამართლოში ჩივილით ემუქრება. ამასთან, ის ამბობს, რომ მასზე “ზეწოლას ახდენენ, რომ თავი მოვიკლა”. ქალმა ტიკ-ტოკის მომხმარებლებს მიმართა, დაეხმარონ დედის გირაოს თანხის შეგროვებაში. მას შემდეგ რაც ლაივში ყოფნისას დაურეკეს, ქალმა თქვა, რომ თანხა ადვოკატის დასაქირავებლად სჭირდება, რომელის დედამისის უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებს.
როგორც ბექა კვაჭანტირაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მას სახალხო დამცველის აპარატში განცხადება აქვს, შეტანილი შეურაცხყოფისა და დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით.
რადიო თავისუფლება სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, მართლაც იმყოფებოდნენ თუ არა, ბავშვის ოჯახში სააგენტოს წარმომადგენლები მანამდე და ამაჟამად ჩართულია თუ არა უწყება ოჯახში მყოფ მცირეწლოვანთან დაკავშირებული ვითარების გასარკვევად.
უწყებისგან მიღებული პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება.
ფორუმი
