“ტვ პირველის“ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე ერთი ადამიანის სახლში ჩხრეკა ჩატარდა – საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახურმა ერთი ადამიანის სახლი გაჩხრიკა და მობილური ტელეფონი ამოიღო, 7 დეკემბერს ტვ “პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში. ამავე საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს კიდევ ერთი ადამიანი.
უწყება მიუთითებს, რომ ინიციალებით მითითებული გ. ლ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, “ერთ-ერთი ტელეკომპანიის სატელევიზიო ეთერში, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩატარდა”.
ამოღებული მობილური ტელეფონის მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა. “საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გამოიკითხა გ. ლ. და მისი ოჯახის წევრი”.
“საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე დაბარებული იქნა, ასევე, ლ.თ., რომლის შემთხვევის ადგილას შესაძლო ყოფნის თაობაზე ინფორმაცია მედია საშუალებით გავრცელდა.”
სატელეფონო ანძების და გამოძიებისთვის საინტერესო პირების გადაადგილების შესასწავლად მობილური ოპერატორებიდან მიმდინარეობს ინფორმაციის გამოთხოვის პროცესი.
დაზარალებული ჟურნალისტის და ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.
“სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და დაკავების, მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას”.
საგამოძიებო პროცესის საილუსტრაციოდ საგამოძიებო სამსახურმა ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ასახულია ერთი ინსპექტორის მიერ გაწეული საქმიანობა.
ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს, პირდაპირ ეთერში მუშაობისას დაესხნენ თავს შავტანსაცმლიანი და ნიღბიანი უცნობი პირები. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ მაკა ჩიხრაძესა და ოპერატორს გიორგი შეწირულს. დაზიანებები იმდენად რთული იყო, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მოგვიანებით ექიმებმა თქვე, რომ ორივე ტვინის შერყევა აქვთ და ისინი ინგოროყვას კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას.
ჟურნალისტებზე თავდასხმის პარალელურად, შავნიღბიანი უცხო პირები ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისს. ფიზიკურად გაუსწორდნენ კოალიციის წევრს, კობა ხაბაზსა და კიდევ ორ პირს.
მალევე, ბესიკის ქუჩის მიდამოებში გაუსწორდნენ ფიზიკურად შავნიღბიანი პირები მსახიობ გიორგი მახარაძეს. მან თქვა, რომ თავდასხმის ფაქტს შეესწრნენ პოლიციელებიც, თუმცა, მის დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ.
ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გამოეხმაურა ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი , რომელმაც თქვა, რომ “99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე”.
მომხდარის მომდევნო დღეს 8 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა, რომ ერთ კვირაში მიიღებენ კანონს, რომლითაც აქციის მონაწილეებს სახის დაფარვას აუკრძალავენ. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების წარმართვის დროს“.