“ტვ პირველის” კორესპონდენტმა მარიამ მაკასარაშვილმა ჟურნალისტური საქმიანობის დროს მომხდარი თავდასხმის შედეგად ტვინის შერყევა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარიამ მაკასარაშვილის გამოკვლევების პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ჟურნალისტი, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს ყოფილი ვიცე-გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ სახეში მუშტი ჩაარტყა. ჟურნალისტს თავისა და თვალის არეში ძლიერი ტკივილი აღენიშნება.
ცნობისთვის, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ შინჯიკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ის აღნიშნავს, თანამდებობიდან საკუთარი გადაწყვეტილებით გადადგა.
ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა უკვე დაიწყო.
