„ქართული ოცნების“ წევრი ლუკა ძაძამია თბილისის საკრებულოს ტოვებს.
საკრებულოს თავმჯდომარე ზურა აბაშიძისადმი წერილში ის წერს, რომ ტოვებს მერვე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობას „სხვა სამსახურში საქმიანობის გაგრძელების მიზნით“. წერილი „ტვ პირველმა“ გაავრცელა.
„ნეტგაზეთი“ ცდილობს საკრებულოში ინფორმაციის გადამოწმებას.
21 წლის ლუკა ძაძამია, რომელიც 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სიის მე-18 ნომერი იყო, რამდენიმე თვით ადრე აქტიურად მონაწილეობდა რუსთაველზე მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტში.
„დიახ, მე ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით ახალგაზრდიდან, რომლებიც ქუჩაში გამოვდიოდით და ჩვენს აზრს ამ ფორმით ვაფიქსირებდით. 19 წლის, აბსოლუტურად გამოუცდელ ასაკში, ძალიან რთულია გაუძლო სიცრუის იმ ამაზრზენ ნიაღვარს, რომელსაც მარტო ჩვენთან კი არა, მთელს მსოფლიოში თავს ახვევენ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ისინი საკუთარი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენონ. დიახ, მე ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით ახალგაზრდიდან, რომელიც მალევე მიხვდა, რომ უბინძურესი პროპაგანდით უდიდეს შეცდომაში შეიყვანეს და იმ აქციებს საერთო არაფერი ჰქონდა არც უკრაინის მხარდაჭერასთან, არც დემოკრატიასთან და არც თავისუფალი სიტყვის დაცვასთან. ბოლოს ყველანი მივხვდით, რომ ის აქციები საქართველოს და მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციები იყო“, — ასე იმართლა თავი ძაძამიამ მას შემდეგ, რაც უახლესი წარსული გაუხსენეს.
ძაძამიას თქმით, ის დარწმუნდა, „რამდენად ეროვნულ პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“ და რამდენად გულწრფელები იყვნენ ამ პარტიის ლიდერები, როდესაც მსოფლიოში პირველებმა ამხილეს გლობალური ძალები სხვა ქვეყნების დამონების მცდელობაში“.
„სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ვყოფილიყავი „ქართული ოცნების“, როგორც ყველაზე გაბედული, ამაყი და ეროვნული გუნდის წევრი და მადლობა მის თითოეულ ლიდერს იმისთვის, რომ მომცეს საკუთარი თავის რეალიზებისა და მათი გუნდის წევრობის საშუალება!“ — წერდა ძაძამია 5 სექტემბერს სოციალურ ქსელში.




