2024 წელი გადაზიდვების სექტორმა ზრდით დაასრულა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ზრდა ჰქონდათ როგორც საჰაერო, ისე სარკინიგზო და საზღვაო გადამზიდავებს. გაცილებით შთამბეჭდავია რიცხვები საჰაერო ტრანსპორტით გადატანილი ტვირთების მიმართულებით.
2024 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია თითქმის 270 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 611.5 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, გადატანილი ტვირთის მოცულობა 20.3%-ით, ტვირთბრუნვა კი 43.6%-ით არის გაზრდილი.
საჰაერო გადამზიდავები გაზრდილ სტატისტიკას ჩინეთიდან გაზრდილ ტვირთნაკადს უკავშირებენ. CAMEX Airlines-ის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გადაზიდული ტვირთის 90% ელექტრონული კომერციის პლატფორმებიდან მოდის.
“მას შემდეგ რაც წინა წელს ჩინური სავაჭრო პლატფორმები გააქტიურდნენ ჩინეთიდან ელექტრონული ვაჭრობის შედეგად შეძენილმა საქონელმა საკმაოდ იმატა და ეს არის ძირითადი მაჩვენებელი დღეს, რომელიც აისახა სტატისტიკაზე.
ჩვენ კვირაში დაახლოებით 10 რეგულარულ ფრენას ვახორციელებთ როგორც საქართველოს, ისე ევროპის მიმართულებით, შეიძლება ითქვას, რომ სადღაც 90% ეს არის ელექტრონული ვაჭრობის შედეგად შეძენილი საქონელი. ძირითადად ტემუა, ჩვენი ძირითადი კლიენტი ტემუა ამ შემთხვევაში”,-აცხადებს bm.ge-სთან გიორგი სეთურიძე.
საქსტატის მიხედვით, გაზრდილი ტვირთბრუნვის ფონზე გასულ წელს საქართველოს აეროპორტებში 2 200 სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 2.1-ჯერ აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს.
