„ეს არის პოზიტიური ნაბიჯი, აუცილებელი იყო ამ სივრცეში შეღწევისთვის“, – ასე აფასებს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი სიახლეს, რომელიც ევროზონის ქვეყნებში ტვირთის მიღება/ტრანზაქციის გამკაცრებას ეხება.
საუბარია, ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, 1-ლი აპრილიდან საგზაო და სარკინიგზო გადამზიდავებმა, ევროკავშირის იმპორტის კონტროლის სისტემა 2-ის (ICS2) ფარგლებში, საბაჟო ორგანოებს ბლოკის ტერიტორიაზე გაგზავნილ ან მისი გავლით სატრანზიტო საქონლის შესახებ მონაცემები ტვირთის ჩასვლამდე, ზუსტი და სრული შემაჯამებელი დეკლარაციის (Entry Summary Declaration-ENS) მეშვეობით უნდა მიაწოდონ.
ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეკონომიკური ოპერატორები, რომლებიც ამ თარიღისთვის (1 აპრილი) მზად არ არიან, უნდა დაუკავშირდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ეროვნულ საბაჟოს (სადაც დარეგისტრირდნენ და მათი EORI-ნომერი აქვთ მიღებული), რომ მათი მდებარეობის ფანჯარა არაუგვიანეს 2025 წლის 1-ელ მარტამდე მოითხოვონ. განლაგების ფანჯრები მხოლოდ მოთხოვნით გაიცემა.
ამასთან, თუ მოვაჭრეები დროულად არ დააკმაყოფილებენ ICS2-ის მოთხოვნებს, საქონელი შესაძლოა, ევროკავშირის საზღვრებთან შეჩერდეს და საბაჟო ორგანოების მიერ არ განბაჟდეს.
„ეს არის პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც აუცილებელი იყო ამ სივრცეში შეღწევისთვის. რიგ შემთხვევაში ისე ხდება, როდესაც გადამზიდავი მიუახლოვდება ევროპულ სივრცეს, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ისეთი კატეგორიის ტვირთი მიაქვს, რომელიც საზღვარზე პრობლემას იწვევს. ანუ, წინასწარ გაუფრთხლებლობა უფრო დიდ პრობლემაში იზრდება. შედეგად, კიდევ უფრო ფერხდება გადაზიდვები. მეტიც, აქ შესაძლოა, ტვირთების გადმოტვირთვა, ისევ ჩატვირთვაზეც კი იყოს საუბარი. ამიტომ, ეს სიახლე დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ტვირთების წინასწარ დეკლარირება მოხდება. შედეგად, გადამზიდავს საბაჟო უკვე მომზადებული დახვდება და დამატებითი სირთულეების წარმოქმნის ალბათობა ნაკლები იქნება“,- ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.
ცნობისთვის, ევროკავშირის იმპორტის კონტროლის სისტემა 2 (ICS2) ევროკომისიის, წევრი სახელმწიფოების საბაჟო ორგანოებსა და ბიზნესებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა. ICS2 მიზნად ისახავს, გააძლიეროს ევროკავშირში შესული საქონლის უსაფრთხოება და ყველა სატრანსპორტო რეჟიმისთვის სტანდარტიზებული წინასწარი საბაჟო პროცედურა შემოიღოს. ICS2-ი საბაჟო ორგანოებს საშუალებას აძლევს, უკეთ შეაფასონ შემავალ საქონელთან დაკავშირებული რისკები, რაც საბაჟო სამართალდარღვევების თავიდან აცილებისა და მასთან საბრძოლველად ევროკავშირის უნარს აუმჯობესებს, ეს კი საბოლოო ჯამში სავაჭრო გარემოს უფრო დაცულსა და უსაფრთხოს ქმნის.
მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან არსებული ICS1 ეტაპობრივად გაუქმდება და მას კავშირის საბაჟო კოდექსის შესაბამისად ICS2 ახალი ბიზნესპროცესით სრულად ჩაანაცვლებს.
წყარო: bpn.ge
