„ტვირთების ნაკადი გვეკარგება – მძღოლები იძულებულნი არიან, რომ უფრო გრძელი გზით იარონ“ – რატომ შემცირდა სატრანზიტო ტრაილერები

„ტვირთების ნაკადი გვეკარგება – მძღოლები იძულებულნი არიან, რომ უფრო გრძელი გზით იარონ“ – რატომ შემცირდა სატრანზიტო ტრაილერები
„ტვირთების გარკვეული ნაკადი გვეკარგება იმის გამო, რომ ზემო ლარსზე საქართველოს მხარეს საბაჟო პროცედურები არის დაყოვნებული“,- ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა პაატა ცაგარეიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
საუბარია, საქართველოს დერეფანში ტრაილერების რაოდენობის 22 825 ერთეულით შემცირებაზე, რის გამოც, ბიუჯეტში გადახდილი თანხაც 8 მლნ ლარით (7.988 მლნ ლარით) შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით (კონსოლიდაციის გარეშე), წელს იანვარ-სექტემბერში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან ხაზინაში 125 000 916 ლარი შევიდა, 2024 წლის 9 თვეში 132 989 644 ლარი. არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2025 წლის 9 თვეში საქართველოს დერეფანი 357 145-მა სატვირთომ გადაკვეთა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 379 970-მა ტრაილერმა.
როგორც პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, ტრაილერების შემცირება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, რის გამოც, მძღოლები იძულებული გახდნენ ალტერნატიულ მარშრუტებზე გადართულიყვნენ, ან დროებით სატვირთოები გაეჩერებინათ.
„2022 წელს, როდესაც მოხდა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება, საავტომობილო-სატრანზიტო გადაზიდვები, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 50%-ით გაიზარდა. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ეს ზრდის ტემპი 10-15%-ით მაინც შენარჩუნდებოდა მომდევნო წლებში. მაგრამ ეს ტემპი არა თუ შენარჩუნდა, არამედ რიგ შემთხვევაში შემცირდა. ეს შემცირება 2025 წლის 9 თვეში უფრო თვალნათლივ გამოჩნდა.
ამას სხვადასხვა მიზეზები გააჩნია. პირველ რიგში გააქტიურდა ალტერნატიული მიმართულებები. უფრო ზუსტად რომ ავხსნათ, ხშირად არის დიდი რიგები, რომელიც 2 კვირაც კი გრძელდება. როგორც გადამზიდავები ამბობენ, ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში არის საქართველოს მხარეს სასაზღვრო გამშვები პროცედურების განმახორციელებელი პირების ნელი მუშაობა. საქართველოს მხარეს არის სირთულეები ტვირთების გატარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, თურქეთიდან რუსეთში რომ მიდის ტვირთი, მათ ურჩევნიათ ზედა ლარსის გამშვები პუნქტით კი არ წავიდნენ, არამედ, თურქეთიდან საბორნე გემებით მოახდინონ გადაზიდვა. ანუ გვერდი აუარონ ამ 2-კვირიან დაყოვნებას. ტვირთების გარკვეული ნაკადი გვეკარგება იმის გამო, რომ ზემო ლარსზე საქართველოს მხარეს, საბაჟო პროცედურები არის დაყოვნებული, ორგანიზაციული და ინფრასტრუქტურული გაუმართაობის გამო.
ამას ემატება ის გარემოებაც, რომ თითქმის ერთი თვეა ამოქმედდა ახალი კონტროლი. კერძოდ, საემიგრაციო 90-დღიანი ვადის გადაჭარბების შემთხვევაში, დან მძღოლებს ადეპორტებენ. ეს კანონი 1-ლი იანვრიდან ძალაშია, მაგრამ რუსეთმა ახლა დაიწყო მისი აღსრულება. იმის გამო, რომ არ დაადეპორტონ, მძღოლები (ქართველების გარდა, სატრანზიტო რეჟიმში მოძრავი სხვა მძღოლებიც, მათ შორის სომხეთიდან), ცდილობენ გააჩერონ სატრანსპორტო საშუალებები და დაელოდონ ახალ წელს, რათა ახალი ათვლა დაიწყოს.
მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ უკვე გარკვეულწილად დაბალანსდა ბაზარი და დაიწყეს სხვა მიმართულებების ძებნა, საქართველოზე გვერდის ავლა. აქ ხაზგასასმელია თურქეთი-ირანის მიმართულებით ცენტრალურ აზიაში წასვლა, არადა ადრე საქართველოს გავლით მიდიოდა ეს ტვირთები. სწორედ, ეს 14-დღიანი დაყოვნება უბიძგებს მძღოლებს უფრო გრძელი გზით იარონ“,- ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.
Bpn.ge