ბოლო წლებში საქართველოს ტექსტილის ინდუსტრიის მიმართ ინტერესი მზარდი იყო, არაერთი ცნობილი ბრენდი ხელშეკრულებას ადგილობრივ სამკერვალო სალონთან აფორმებდა და საქართველოში შეკერილი სამოსი სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტზე იგზავნებოდა.
ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა, ტექსტილისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ადგილობრივი საწარმოები უცხოური ბრენდების მხრიდან დაკვეთებს ვეღარ ასრულებენ, რადგან გაიზარდა ხარჯები, მათი მხრიდან კი შეკვეთის ანაზღაურების საფასური არ გაზრდილა.
ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული პრობლემის გამო ბაზარი უკვე დატოვა რამდენიმე ადგილობრივმა ტექსტილის კომპანიამ, ნაწილმა კი თანამშრომლების რაოდენობა იმდენად შეამცირა, რომ ეს დახურვის ტოლფასია.
“უცხოელები, რომლებიც ადრე მოდიოდნენ და რაღაც გარკვეულ თანხაზე ვიყავით შეთანხმებული და მათ შეკვეთებს ვასრულებდით კონკრეტული ფინანსური ხარჯების სანაცვლოდ, დიდი რაოდენობიდან გამომდინარე ეს ხარჯი საკმარისი იყო, ეს დღეს ასე აღარ არის. ამ ბოლო დროს თვითონ უცხოელებმა შეამცირეს ხარჯები, რაც უნდა გასწიონ ანალოგიური პროდუქციის შესაკერად. გამომდინარე აქედან ბევრმა საწარმომ უარი განაცხადა მათთან ურთიერთობაზე. 1-2 საწარმო დაიხურა, ბევრი შემცირდა 200-300 თანამშრომლიდან ჩამოვიდნენ 70 თანამშრომელზე, რაც იგივე დახურვის ტოლფასია.”-აცხადებს „ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით ბიძინაშვილი.
კერძო სექტორი საუბრობს პოლიტიკურად არასტაბილურ გარემოზეც, რაც დამატებითი ფაქტორია, რის გამოც უცხოელი პარტნიორი საქართველოში დაკვეთების განხორციელებისგან თავს იკავებენ. ამბობენ, რომ ისინი პროცესებს აკვირდებიან და გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ, რასაც ასევე აქვს მნიშვნელოვანი ეფექტი ტექსტილის პროდუქციის ექსპორტის მოცულობის შემცირებაში.
“როგორმე სასწრაფოდ უნდა დალაგდეს საერთაშორისო დონეზე სიტუაცია, მართალია თუ ტყუილია უცხოელები აგიტაცია, პროპაგანდის და ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო აღარ იყურება ჩვენკენ. ვგულისხმობ პოლიტიკას, გვაქვს ძველ დამკვეთებთან კომუნიკაცია, მაგრამ ყველა გვეუბნება მოითმინეთ ცოტა ხანი, მაგრამ რამდენი ხანი გაგრძელდება ეს არ ვიცით.”- ამბობს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით ბიძინაშვილი.
