„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ტექნიკური გადაწყვეტილებაა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების გაუარესებისკენ არის მიმართული და არა გაუმჯობესებისკენ.
„თუ ევროკავშირის მხარე დიპლომატებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ეტყვის იმას, რომ ისინი თურმე საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგს ევროკავშირში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ეს მოკლებული იქნება რაიმე საფუძველს და იმ მიზანს, რომ ევროკავშირის მხრიდან დავინახოთ მზადყოფნა საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის…
ეს არის ტექნიკური გადაწყვეტილება. დავაკვირდებით, რომელი ქვეყანა როგორ აღასრულებს ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობები უფრო დიდ სურათში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაამტკიცეს საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება.
იმ წევრ ქვეყანაში მოგზაურობისთვის, რომელმაც აღადგინა სავიზო მოთხოვნები, ქართველი დიპლომატები და ოფიციალური პირები ასევე აღარ ისარგებლებენ განაცხადის შემცირებული ვადით, დაბალი სავიზო მოსაკრებლითა და ნაკლები დამხმარე დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობით.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, გადაწყვეტილება, რომლის წინააღმდეგად უნგრეთმა და სლოვაკეთმა მისცეს ხმა, უახლოეს დღეებში შევა ძალაში.