აუდიო ვიდეო ტექნიკის იმპორტიორებისთვის 0,5-დან 2%-მდე გადასახადი ამოქმედდა. გადასახადს ჰონორარის სახით იმპორტიორები ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას გადაუხდიან.
ბრძანების მიხედვით, ჰონორარის გადახდას ექვემდებარება მხოლოდ ისეთი მოწყობილობების იმპორტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექნიკის მფლობელი მიერ, აუდიოვიზუალური ნაწარმოების მოსმენის ან ნახვისთვის და პროცესში შესაძლოა საავტორო უფლებების დარღვევა მოხდეს.
საქპატენტში ამბობენ, რომ პრაქტიკა საერთაშორისო ნორმებთან სრულ შესაბამისობაშია. რა თანხის მოგროვება მოხდება ამ გზით ეს ასოციაციის ანგარიშში გამოჩნდება, რომელიც უწყებამ ყოველწლიურად უნდა მოამზადოს, საფინანსო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 8 თვის ვადაში.
“ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ადმინისტრირებას უფლებების მართვის პროცესში ახორციელებს, რაც გულისხმობს, რომ რეგულარულად, გულმოდგინედ და მაქსიმალური სიზუსტით გაანაწილებს მიღებულ შემოსავალს უფლების მფლობელებზე. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, მისი ფუნქციის ფარგლებში, შეაგროვებს და გაანაწილებს ჰონორარს და იტოვებს ადმინისტრირების ხარჯებს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შეგროვებული ჰონორარის 20 პროცენტს. აღნიშნული ცვლილება საკანონმდებლო დონეზე გაიწერა მას შემდეგ, რაც „აუდიტორული ფირმა ბაკაშვილი და კომპანიის“ 2023 წლის აუდიტორული დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია – ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის (GCA) მიერ უფლებების მართვისათვის განკუთვნილი ადმინისტრაციული ხარჯებისა და სხვა მომსახურების ჯამური ოდენობის პროცენტული ურთიერთმიმართება შეგროვებული ჰონორართან შეადგენდა 47%-ს 2021 წელს და 40%-ს 2022 წელს,”- ამბობენ საქპატენტში.
საქპატენტში განმარტავენ, რომ კანონი ამ ვალდებულებას წლებია ითვალისწინებს, თუმცა აღსრულება ამ დრომდე არ ხდებოდა. ჯერ კიდევ 2017 წელს ბიზნესი ინიციატივას პროტესტით შეხვდა, მაშინ ტექნიკის მაღაზიებმა “ალტამ”, “ოქეიმ” და “ზუმერმა” კოლექტიური საჩივარიც დაწერეს.
დღეს UPS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი გიორგი ქოპილაშვილი ამბობს, რომ ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციისგან მის კომპანიას შესაბამისი გადასახადის გადახდის მოთხოვნაზე უკვე მისწერეს. როგორც ქოპილაშვილი გვიხსნის, ავტორიზებული ასოციაცია ბიზნესს შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ბეგრავს, რაც საბოლოოდ მომხმარებლისთვის პროდუქტს გააძვირებს.
“ჩვენ პირდაპირ ტექნიკის იმპორტიორი კომპანია არ ვართ, მაგრამ საერთაშორისო ბრენდების ლოგისტიკურ მომსახურებას უზრუნველყოფთ, რომელ ნაწილშიც ჩვენ წინასწარ საერთაშორისო ბრენდები, მაგალითად კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები ups-ის ქსელის საშუალებით ქმნიან ქვეყანაში საწყობებს, სადაც საგარანტიო მიზნით წინასწარ ინახავენ სათადარიგო ნაწილებს.
ჩვენ საქონელი წინასწარ შემოგვაქვს საქართველოში, რა თქმა უნდა, ვიხდით დღგ-ს და იმპორტის გადასახადებს. ეს უკვე გახდა დამატებითი ტვირთი, რადგან რომ წარმოვიდგინოთ, არსი ამისი ის არის რომ პოტენციურად მე თუ მოწყობილობა შემოვიტანე, შეიძლება ამაზე მუსიკალური ნაწარმოები ჩავიწერო და ვიღაცის უფლებები დავარღვიო და წინასწარ ამისთვის 2% უნდა გადავიხადო. მე როცა საგარანტიო მომსახურებას უზრუნველყოფ და მხოლოდ ამ მიზნით შემომაქვს პროდუქცია და ეს საქონელი ბაზარზე არ ხვდება, გამოდის რომ სულ ტყუილად დამატებით ორმაგად ვიხდი სათადარიგო ნაწილზე 2%-ს,”- ამბობს UPS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი გიორგი ქოპილაშვილი.
ქართველი ავტორები იმპორტიორებისთვის ახალი გადასახადის შემოღების იდეას იწონებენ და ამბობენ, რომ შესაბამისი ნაბიჯები ამ კუთხით დიდი ხნის წინ უნდა გადადგმულიყო. ჩვენი რესპონდენტების შეფასებით მათი უფლებები წლების განმავლობაში ირღვეოდა და ბიზნესს სთხოვენ საკითხს გაგებით მოეკიდონ.
“როცა არავისზე დამოკიდებული შემოსავალი არ გაქვს, არჩევანშიც თავისუფალი, უფრო დამოუკიდებელი გაქვს. აბსოლუტურად იმავეს ემსახურება ე.წ კერძო კოპირების შემოღება. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი ხსნა, თავისუფლების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლება და მომატება. ჩვენ ეს უკვე რამდენიმე თვეა ვიგრძენით, პირველად ეს ისეთი სიურპრიზი იყო ვერ აღგიწერთ. ნებისმიერ ქვეყანაში და მით უმეტეს მაშინ როცა ასეთი პრობლემური ხანა გვიდგას, მით უმეტეს ხელოვანებს ეს ძალიან დიდი სტიმულია, რომ ვიღაც გაფასებს და შენს შემოქმედებას ჯეროვნად უყურებს და არა ისე რომ ეს მისი პირადი ამბავია, რამდენს მოგიგდებს. ამის განცდა მაქვს, რომ ეს თანხა ჩვენამდე მოდის და სადღაც არ იფანტება.
მინდა ბიზნესს მადლობა გადავუხადო, მათთვის საამაყო უნდა იყოს, რომ კულტურის გვერდით დგანან და ღირსეულ ცხოვრებას ხელს უწყობენ. ეს არ არის პატარა ამბავი, ვისაც არ ესმის რა საჭიროა ეს ვთხოვ, რომ გაგებით მოეკიდონ. მათთვის ეს შეიძლება მიზერია, მაგრამ ჩვენთვის ძალიან დიდი დამოუკიდებლობის და ნორმალური არსებობის დამატებითი პირობაა,”- ამბობს მომღერალი ირმა სოხაძე.
ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია საავტორო უფლებების მიმართულებით ერთად ერთი აკრედიტებული ორგანიზაციაა რომელმაც აკრედიტაცია საქპატენტისგან 2023 წელს მიიღო. ასოციაციაში განმარტავენ, რომ საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად 2%-იანი მოსაკრებლით მიღებული შემოსავალი ქართველ ავტორებს თვეში დამატებით 250-280 ლარის შემოსავალს უზრუნველყოფს.
“წლის განმავლობაში 600-700 მილიონის ღირებულების საქონელზე არის საუბარი, რომელიც იმპორტით შემოდის და დაბეგვრას ექვემდებარება. ეს არ გეგონოთ, უფლება მფლობელთა შემოსავალი. ამ თანხის 1.5%-2% არის ავტორების შემოსავალი. ჩვენ მიერ გამოყენებული გამოთვლით, დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, არის თვეში თითო უფლება მფლობელზე გასაშუალოებული შემოსავალი 250-280 ლარი, რაც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ თუ მსოფლიო მაჩვენებლებთან.
მეორე კრიტერიუმია, რამდენის გადახდა უწევს ერთ სულ მოსახლეს წლის განმავლობაში ამ ტარიფის. ჩვენი დათვლებით ეს წლის განმავლობაში არის 1 ევროს ფარგლებში. ანუ ერთ სულ მოსახლეს საქართველოში საშუალოდ უწევს 1 ევროს გადახდა ამ კომპენსირებისთვის, რაც საკმაოდ სამართლიანია და არ უნდა დაგვენანოს ამ თანხის გადახდა,”- ამბობს IPOA-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლაშა მდივანი.
საქპატენტში განმარტავენ, რომ 2%-იანი გადასახადის ამოქმედება 2024 წლის 31 დეკემბერს ბიზნესმა კიდევ ერთხელ გაასაჩივრა. უწყებაში იმპორტიორების მხრიდან კიდევ ორი სარჩელია წარდგენილი, რომლითაც 2024 წლის ოქტომბერში მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ. საკითხზე მსჯელობა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება მოდავე მხარე მედიასთან თემაზე ჯერ არ საუბრობს.
