ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროები განცხადებას ავრცელებენ “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინტერვიუს საპასუხოდ, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზეა საუბარი.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უწყების თანახმად „საქართველოს ხელისუფლების განცხადება მოწმობს, რომ არ სურთ დაშორდნენ ძველ მიდგომებს, რომლებიც დიდი ხანია არ შეესაბამება შექმნილ რეალობას“.
„საქართველოსთან შემდგომი თანაარსებობა შესაძლებელია კეთილმეზობლობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე განცხადებების ნაცვლად, ვისურვებდით გვეხილა კონსტრუქციული დიალოგის სურვილისა და კომპრომისების ძიებისკენ სწრაფვა, რომელიც მშვიდობიან და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების შექმნას გახდიდა შესაძლებელს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, „სამხრეთ ოსეთის მიზანი დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნაა და არ აპირებს შეცვალოს თავისი განვითარების ვექტორი და მისწრაფება მისი უსაფრთხოების გარანტორთან რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობს ყოველმხრივი გაძლიერებისკენ“.
დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ რომ მათთვის „მიუღებელია ოფიციალური თბილისის მიერ გამოთქმული თეზისები და იდეები ურთიერთობების მოგვარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით“.
“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიღწევა შესაძლებელია “მოთმინებითა” და “თანმიმდევრული პოლიტიკით”. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედთან” განაცხადა, 6 აპრილის ინტერვიუში.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა არაერთგზის წამოწიეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემა. პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი შეიძლება ნებისმიერ დროს დადგეს, რაც საჭიროდ გახდის საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას.
ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდი მზად იქნებოდა, ქვეყანა ისეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე გადაეყვანა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს.
ის ოსი ხალხისთვის 2008 წლის მოვლენების გამო ბოდიშის მოხდის აუცილებლობაზეც საუბრობდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთს და “სამხრეთ ოსეთს” ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.
ამასთან, მოსკოვი აცხადებს, რომ არ აპირებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის აღიარებაზე” უარის თქმას.
