ტერაქტი ზავის დროს – იერუსალიმში ლიკვიდირებულია ორი პალესტინელი ძმა, რომლებმაც დღეს ავტობუსის გაჩერებაზე ცეცხლი გახსნეს.
თავდასხმა დილით მოხდა. დაიღუპა 3 და დაიჭრა 8 ადამიანი. სამხედროებმა და მოქალაქეებმა თავდამსხმელები ადგილზე მოკლეს. ისინი პალესტინელი ძმები აღმოჩნდნენ, რომლებსაც სხვადასხვა დროს, ტერორისტული საქმიანობისთვის აქვთ სასჯელი მოხდილი. პასუხისმგებლობა ტერაქტზე “ჰამასმა” აიღო.
თავდასხმა დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინში, ისრაელის რეიდის დროს, 8 და 14 წლის მოზარდების მკვლელობიდან მეორე დღეს მოხდა.
შემთხვევის ადგილზე მივიდა ისრაელის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური მოძრაობა “ოცმა იეხუდიტის” ლიდერი ითამარ ბენ გვირი, რომელიც ეროვნული უშიშროების მინისტრის პოსტს იკავებს. ბენ გვირმა ტერაქტი დაგმო და მოსახლეობაში იარაღის დარიგების პოლიტიკა გაამართლა.
იერუსალიმის ტერაქტი ისრაელში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჩასვლას დაემთხვა. “ჰამასი”-ისრაელის ომის დაწყებიდან, ენტონი ბლინკენის ეს უკვე მეოთხე ვიზიტია თელ- ავივში. იერუსალიმის ტერაქტი იყო საუბრის ერთ-ერთი თემა ამერიკელი დიპლომატის შეხვედრებზე პრეზიდენტთან, პრემიერთან და ომის კაბინეტთან. ენტონი ბლინკენის თქმით, დროებითი ზავი, რომელიც “ჰამასს” და ისრაელს შორის დაიდო, შედეგიანია და შეერთებულ შტატებს მისი გაგრძელების იმედი აქვს.
“ჰამასის” სამხედრო ფრთამ კი დღეს გაავრცელა ვიდეო, როგორ ათავისუფლებენ ღაზაში დატყვევებული მძევლების ნაწილს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადასცემენ. “ჰამასმა” 12 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა, ისრაელის ციხეები კი 30-მა პალესტინელმა ქალმა და 14-მა მოზარდმა დატოვეს. მანამდე გათავისუფლებული 17 ტაილანდელი სამშობლოში უკვე ჩავიდა.
დღეს გავრცელდა ღაზის სამხრეთში, ხან იუნისსა და მიმდებარე რაიონებში განადგურებული მეჩეთების კადრები. ისრაელის 7 კვირიანი საპასუხო საჰაერო თავდასხმის შემდეგ, სხვა შენობებთან ერთად დანგრეულია ალ თაუბას, ალ ანსარის და ალ ამინ მოჰამედის მეჩეთები. “ცახალმა” ჯერ კიდევ ოქტომბერში განაცხადა, რომ “ჰამასი” რელიგიურ ადგილებს იარაღის სამალავად და ისრაელზე თავდასხმისთვის იყენებდა.