რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კროკუს სითი ჰოლზე მოწყობილ ტერაქტთან დაკავშირებულ სხდომაზე თავდასხმაში კვლავ უკრაინა და ასევე დასავლეთი დაადანაშაულა.
პუტინის თქმით, ისინი, ვინც ამ ტერაქტს გეგმავდნენ, იმედოვნებდნენ, რომ რუსულ საზოგადოებაში პანიკასა და განხეთქილების დათესვას იმედოვნებდნენ.
პუტინის თქმით, იციან, რომ ტერაქტი რადიკალი ისლამისტების ხელით შესრულდა, თუმცა, მისივე თქმით, აინტერესებთ, თუ ვინაა “დამკვეთი”. პუტინი ირწმუნება, რომ ისლამისტურ ტერორისტულ ორგანიზაციებს შესაძლოა რუსეთში თავდასხმები სულაც არ აინტერესებდეთ.
“ვიცით, რომ დანაშაული ჩადენილია რადიკალი ისლამისტების ხელით, რომელთა იდეოლოგიასაც თავად ისლამური სამყარო საუკუნეებია რაც ებრძვის. თუმცა ასევე ვხედავთ, რომ აშშ სხვადასხვა გზებით ცდილობს დაარწმუნოს თავისი სატელიტები და მსოფლიოს სხვა ქვეყნები იმაში, რომ, მათი სადაზვერვო ინფორმაციით, მოსკოვის ტერაქტში კიევის კვალი თითქოს არაა, რომ სისხლისმღვრელი ტერაქტი ისლამის მიმდევრებმა ჩაიდინეს, რუსეთში აკრძალული ორგანიზაცია ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს წევრებმა. ვიცით, ვისი ხელით არის ჩადენილი ეს ბოროტმოქმედება რუსეთისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ გვაინტერესებს, ვინაა დამკვეთი. ჩვენი სპეცსამსახურებისა და სამართალდამცველი ორგანოების ერთობლივი მუშაობის შედეგად უნდა მივიღოთ პასუხები რიგ შეკითხვებზე. მაგალითად: ნამდვილად აინტერესებდათ თუ არა რადიკალებს, მეტიც, ტერორისტული იდეოლოგიის ისლამურ ორგანიზაციებს მიეტანათ დარტყმა რუსეთზე, რომელიც დღეს აღმოსავლეთში გამწვავებული კონფლიქტის სამართლიან გადაჭრას ემხრობა?” – თქვა პუტინმა.
პუტინის მტკიცებით, კროკუს სითი ჰოლში მოწყობილი ტერაქტი აწყობდათ მათ, “ვინც 2014 წლიდან ნეონაცისტური რეჟიმის ხელით ებრძვის” რუსეთს, ანუ ის უკრაინასა და დასავლეთს ადანაშაულებს. პუტინის მტკიცებით, მათ ეს განსაკუთრებით იმიტომ აწყობდათ, რომ უკრაინის კონტრიერიში წარუმატებლად დასრულდა.
“პირდაპირ ჩნდება კითხვა: ვის აწყობს ეს? ეს ბოროტმოქმედება შეიძლება იყოს მხოლოდ რგოლი მათი მცდელობების მთელი სერიიდან, ვინც 2014 წლიდან ჩვენს ქვეყანას ნეონაცისტური კიევის რეჟიმის ხელით ებრძვის. ნაცისტებს კი, როგორც კარგადაა ცნობილი, არასდროს რცხვენოდათ საკუთარი მიზნების მისაღწევად ყველაზე ბინძური და არაადამიანური საშუალებების გამოყენების. განსაკუთრებით დღეს, როცა მათი რეკლამირებული კონტრშეტევა სრულიად ჩაიშალა.” – თქვა პუტინმა.
პუტინის თქმით, უნდა გაირკვეს, რატომ გადაადგილდებოდნენ ტერორისტები უკრაინის მიმართულებით.
“რა თქმა უნდა, უნდა გაეცეს პასუხი იმ კითხვასაც, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ტერორისტები სწორედ უკრაინაში გადასვლას რატომ ცდილობდნენ, ვინ ელოდებოდათ მათ იქ? ცხადია, რომ მათ, ვინც კიევის რეჟიმს მხარს უჭერს, არ სურთ იყვნენ ტერორიზმის თანამონაწილეები და სპონსორები. მაგრამ შეკითხვები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია.” – დაამატა პუტინმა.
22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე “კროკუს სითი ჰოლის” საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.
თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 139-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა. 24 მარტს კი გავრცელდა ფოტო, რომელშიც კიდევ ერთ თავდამსხმელს აწამებდნენ. ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერთებული.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მომხდარს პირადად მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, გაქცეული ტერორისტები, რომლებიც დააკავეს, უკრაინის საზღვრის მიმართულებით მიდიოდნენ და მეზობელ ქვეყანაში გადასვლას აპირებდნენ. ამას უარყოფს უკრაინა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS), კერძოდ ე.წ. ხორასნის ვილაიეთმა აიღო. ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა მედიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თავდასხმას “ბოლო წლებში ყველაზე დაუნდობელი” უწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ მათ სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ.
7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.
რუსეთის ცნობით, ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია 11 პირი, აქედან 4 უშუალოდ შემსრულებელია. ტაჯიკეთის ოთხ მოქალაქეს: დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდას, ფარიდდუნ შამსუთდინსა და მუჰამადსობირ ფაიზოვს მოსკოვის ბასმანის მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. მათ ბრალი სრულად აღიარეს. სასამართლო პროცესზე ოთხივე ეჭვმიტანილს ეტყობოდა ცემის კვალი.