“ტენილი ყველის მასტერკლასები პოპულარობით სარგებლობს” – “კოოპერატივი მესხეთი”

„კოოპერატივი მესხეთი“, რომელიც უკვე 5-6 წელია ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანდრიაწმინდაში ოპერირებს, ამჟამად თვეში 300-400 კილოგრამ ტენილ ყველი აწარმოებს. როგორც საოჯახო რძის საწარმოს დამფუძნებელი, გალინა ინასარიძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე საქართველოს მსხვილ მარკეტებში ყიდიან.
გარდა ამისა, ისინი მომხმარებლებს ტენილი ყველის მასტერკლასს სთავაზობენ, რომელიც მათ სერვისებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამასთან, სურვილის შემთხვევაში, მომხმარებლებს ადგილობრივი, ტრადიციული კერძების დაგემოვნებაც შეუძლიათ.
“მომხმარებლებს ადგილობრივ, ტრადიციულ სამზარეულოსაც ვთავაზობთ. ტენილი ყველის მასტერკლასები კი ჩვენს სერვისებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მისი ღირებულება 25 ლარია“, – აცხადებს კოოპერატივის დამფუძნებელი.
მისივე თქმით, წარმოება მიზნად ისახავს რეგიონში აგროტურიზმის განვითარებას, ტურისტების მიღებას და მათთვის შემეცნებითი აქტივობების ორგანიზებას. „კოოპერატივი მესხეთი“ ძირითადად გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდშია ვიზიტორებით დატვირთული, რომელთა შორის ყველაზე მეტი ამერიკიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან სტუმრობენ.
„ამ ეტაპზე, ობიექტში განთავსების სერვისი არ გვაქვს, რადგან სივრცე გასარემონტებელია. დაახლოებით 100 000 ლარის ინვესტიციაა საჭირო, რათა შენობა სრულად დავასრულოთ,“ – ამბობს „კოოპერატივი მესხეთის“ დამფუძნებელი.
მისი თქმით, საწყის ეტაპზე, საგრანტო პროგრამის დახმარებით, კოოპერატივმა რძის საწარმოსთვის საჭირო დანადგარები შეიძინა. პირველადი ინვესტიცია, მხოლოდ 300 კვადრატული მეტრის ფართის მოწყობისთვის განხორციელდა. შემდეგ, პანდემიის პერიოდმა მათ გეგმებზე გავლენა მოახდინა, რის გამოც ობიექტის დასრულება ჯერ კიდევ გადადებულია.
„შენობა სამი სართულისგან შედგება. პირველი სართული საწყობია, მეორე სართულზე ქარხანა, ხოლო მესამე სართული სასტუმრო უნდა იყოს. თუ როდის დასრულდება ობიექტი სრულად, პროგნოზის თქმა რთულია, რადგან ჯერ ფინანსური ვალდებულება გვაქვს გასასტუმრებელი”, – აღნიშნა
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მეწარმე აცხადებს, რომ სანამ ობიექტი არ დასრულდება, გეგმებზე საუბარი რთულია, თუმცა, მისი თქმით, სამომავლო პერსპექტივაში ობიექტზე კოტეჯების დამატება და ექსკურსიების სერვისის შეთავაზებასაც აპირებენ.