35 წლის უჩა ქემაშვილი, გურჯაანელი აქტივისტი, რომელსაც წუხელ, 26 მაისს, პარლამენტთან აქციაზე „ქართული ოცნების“ ცეცხლწაკიდებული დროშა ეჭირა, გვიან ღამით საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციელებმა დააკავეს.
მისმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქემაშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, – მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
„ეს არის პოლიტიკური მუხლი“, – ამბობს ადვოკატი. მისი თქმით, ქემაშვილს დაზიანებები არ აქვს.
„აქციიდან აედევნნენ“
ინფორმაცია უჩა ქემაშვილის დაკავების შესახებ თავდაპირველად მისმა დამ, ნინი ქემაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, ქემაშვილს, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ვარკეთილამდე გაჰყვნენ პოლიციელები:
„კორპუსიდან ვუყურებდი და 25 ადამიანი ერთ კაცს გამოყვა.. რომ ჩავედი პასუხიც არ გამცეს რის გამო აკავებდნენ“, – დაწერა ნინი ქემაშვილმა.
„მანქანის კარი მიიხურა და გამოუღეს, ხელი მოკიდეს და გადმოიყვანეს, შეიყვანეს ბნელ ადგილას და იქ ჩასვეს სხვა მანქანაში“, – დაწერა მან.
ნინი ქემაშვილის ცნობით, უჩა ქემაშვილი დიღმის მესამე იზოლატორშია გადაყვანილი.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს, თუმცა პასუხი არ მიუღია.
მოგვიანებით უჩა ქემაშვილის დამ გაავრცელა 20-წამიანი ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მის ძმას პარლამენტთან ხელში უჭირავს „ქართული ოცნების“ ცეცხლწაკიდებული დროშა:
„თურმე რის გამო დაუკავებიათ“, – წერს ნინი ქემაშვილი.
26 მაისს საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა მოქალაქემ „ქართული ოცნების“ ლურჯ დროშებს ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. რადიო თავისუფლების რეპორტიორის ცნობით, პირს, რომელმაც დროშებს ცეცხლი წაუკიდა, სახე დაფარული ჰქონდა.
მოგვიანებით ცეცხლწაკიდებული დროშა სხვებმაც გადაიბარეს, – მათ შორის ქემაშვილმა.
ის, ვინც დროშას ცეცხლი წაუკიდა, უჩა ქემაშვილი არ ყოფილა – მას სხვა ტანისამოსი ეცვა.
ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ ის, რაც აქციაზე დაწვეს, კანონის გადმოსახედიდან, დროშა არ ყოფილა: „ეგ სინამდვილეში არ არის დროშა. ეგ არის კერძო საკუთრება, უბრალო ნაჭერი, ნახატით“.
მისი მონათხრობის თანახმად, პოლიციამ ქემაშვილი, სავარაუდოდ, სწორედ „ქართული ოცნების“ დროშის ეპიზოდის გამო ამოიღო სამიზნეში, თუმცა რადგან მსგავსი რამ არ ისჯება, „სამართლებრივად მანდედან ვერ მოუდგნენ, ამიტომ წავიდნენ ამ გზით“:
„როდესაც „დაუმორჩილებლობას“ ედავებიან, როგორ არ უნდა დამორჩილებოდა საკუთარ სახლთან 20-მდე პოლიციელს. უთხრეს, რუსთაველიდან ამოგედევნეთო. მათ არ ჰქონიათ კანონიერი საფუძველი, გადაემოწმებინათ“, – ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
ადვოკატის თქმით, უჩა ქემაშვილს წაართვეს მობილური ტელეფონი და ბლოკი მოახსნევინეს.
„მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ ინტერნეტში ნახულობდნენ, რომ გავრცელდა მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია, შემდეგ უფრო თბილად და სხვანაირად ელაპარაკებოდნენ. ასევე, ეკითხებოდნენ, რა გინდა, ალუჩას რატომ არიგებო, ტიკტოკზე აქტიური ხარო“?
დაკავებიდან 24 საათი გადის დღეს ღამით, 00:10 საათზე.
ჯერ უცნობია, დღეს ან ხვალ გადაიყვანენ სასამართლოში, თუ 48 საათის შემდეგ გამოუშვებენ და მოგვიანებით დაინიშნება სასამართლო.
უჩა ქემაშვილი საპროტესტო აქციების ხშირი მონაწილეა. ის 2024 წლის 15 აპრილსაც დააკავეს პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
ის ცნობილია „უჩას სკვერით“ – გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში მის მიერ გაკეთებული სივრცით, რომელიც 2014 წელს შექმნა და სადაც უფასო wi-fi-ს სთავაზობდა თანასოფლელებს; ბოლო პერიოდში მას ხშირად დაჰქონდა პროტესტის მონაწილეებისათვის ალუჩა.
