ტელეკომ ბაზრის მსხვილ მოთამაშეებს შესაძლოა, სპეციფიკური ვალდებულებები დაეკისროთ

ტელეკომ ბაზრის მსხვილ მოთამაშეებს შესაძლოა, სპეციფიკური ვალდებულებები დაეკისროთ
ტელეკომ ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს შესაძლოა, დამატებითი ვალდებულებები დაუწესდეთ.
მოსალოდნელია, რომ მათ ვალდებულება გაუჩნდებათ, თავიანთ ქსელზე დაუშვან სხვა ავტორიზებული ინტერნეტპროვაიდერები.
კომუნიკაციების კომისია ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურების ბაზრის კვლევას ატარებს. კითხვაზე, თუ რა გამოიკვეთა და რა სპეციფიკური მოთხოვნები შეიძლება დაეკისროთ ოპერატორებს, კომუნიკაციების კომისიის წვერი ვახტანგ აბაშიძე “ბიზნესპარტნიორს” პასუხობს, რომ საკითხზე საჯარო განხილვის ჩატარება იგეგმება.
„მოკვლევის შედეგად, გარკვეული გამოწვევები გამოიკვეთა და შედეგად, გარკვეული ზომები იქნება მისაღები ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე კონკურენციის გაზრდის თვალსაზრისით, ასევე, მობილურ ბაზარზე. ამ საკითხზე კომუნიკაციების კომისია საჯარო განხილვის ჩატარებას გეგმავს. აქ არის საუბარი ფიქსირებულ ინტერნეტზე დაშვების ბარიერებზე. არის ე.წ. ბისტრიმ სეგმენტი, რომელიც სწორედ, ნებისმიერ მსურველ ავტორიზებულ ინტერნეტპროვაიდერს მიანიჭებს შესაძლებლობას დაუშვას მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის ინფრასტრუქტურაზე. შესაბამისად, მომხმარებელს მიეცემა კიდევ დამატებითი არჩევანის შესაძლებლობა და ეს ხელ-ფეხს გაუხსნის ბევრ საშუალო და პატარა კომპანიას, თავიანთი სერვისები მიაწოდონ მომხმარებელს. ისევე, როგორც გარკვეული შესაძლებლობები და პირობები შეექმნებათ სხვა მსურველ კომპანიებს მობილურ თუ ფიქსირებულ ინტერნეტ სეგმენტზე. მაგრამ ამას ყველაფერს გვაჩვენებს უკვე საჯარო კონსულტაციების შედეგად მიღებული კომისიის გადაწყვეტილება“ – აცხადებს ვახტანგ აბაშიძე.
მისივე თქმით, კანონით განსაზღვრულია ექვსი სპეციფიკური ვალდებულება, რომელიც, განხილვების შემდეგ, შეიძლება მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს დაეკისროთ.

bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ