პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ამავე პარტიის დამტკიცებული მთავრობის პრემიერ-მინისტრი ოპოზიციურ პატირებს მოუწოდებს ხელი შეუწყონ მედიაში „კულტურის ჩამოყალიბებას“ და კომუნიკაციების კომისიაში უჩივლონ იმ ტელევიზიებს, რომლებიც მათ „რადიკალურ ოპოზიციად“ მოიხსენიებენ.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, როცა ჰკითხეს იყო თუ არა ცენზურა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ სამ ოპოზიციურ არხს კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა გამოყენებული ტერმინების გამო.
„ეს კანონი თანაბრად ეხება ყველა მედიასაშუალებას. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ტელევიზია, რა ტერმინებს იყენებს. თუ ერთი მიმართულებით გამოიყენება კონკრეტული ტერმინები, მეორე მხარესაც გამოიყენება…
საინფორმაციო გამოშვებაში თუ გამოიყენება ისეთი ტერმინები, როგორიც არის „რადიკალური ოპოზიცია“, ამ ახალი კანონით ეს ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული… თუ მათ [ოპოზიციურ პარტიებს] მიაჩნიათ, რომ კონკრეტული ტელევიზიები თავისი გამონათქვამებით არღვევენ ობიექტურობის სტანდარტს, მათაც უნდა მიმართონ შესაბამის ორგანოებს“, – თქვა კობახიძემ.
2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „მთავარ არხს“, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა პარტიის მიმართ ნეგატიური შეფასებების („რეჟიმი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“ და ა.შ.) გამოყენების გამო.
სადავო პარლამენტმა 2025 წლის პირველ ნახევარში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა და თვითრეგულირების საკითხების ნაწილი, რეგულირებად გახადა. 1 ივნისამდე ტელევიზიებსა და რადიოებს გაშუქების დროს გამოვლენილ ეთიკურ დარღვევაზე თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში რეაგირების ვალდებულება ჰქონდათ, თუმცა ამისთვის ჯარიმის გადახდა არ უწევდათ. სანქცია მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში უწესდებოდათ, თუ ამ განხილვაზე იტყოდნენ უარს.
1 ივნისიდან თუ კომუნიკაციების კომისია დაადგენს, რომ მაუწყებელმა დაარღვია ეთიკური სტანდარტი, ის მას გააფრთხილებს და დარღვევების აღმოსაფხვრელად ვადას მისცემს – თუ არხი ამ მითითებას არ შეასრულებს, დააჯარიმებენ. დაჯარიმება შესაძლებელი იქნება, თუ გაფრთხილების მიღებიდან ერთ წელში კომისია მას კიდევ ერთ დარღვევას დაუდგენს.
კომისიას შეეძლება მაუწყებელი დააჯარიმოს წლიური შემოსავლის 0,5%-ით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარით.
ფორუმი
