ტაქსის მძღოლები, რომლებიც მუშაობისთვის სხვადასხვა აპლიკაციას იყენებენ, პროფკავშირებთან ერთად აქცია-მსვლელობას მართავენ. ისინი “ჰუალინგ პლაზასთან” იკრიბებიან და მსვლელობით გაემართებიან რესპუბლიკის მოედნისკენ, სადაც საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქციის მონაწილეები თბილისის მერ, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ, რათა მოთხოვნები პირადად მას გააცნონ.
“დაახლოებით 2014-15 წლიდან ვარ ტაქსის მძღოლი. იქიდან მოყოლებული ბევრი რამე შეიცვალა. ნუ, რა თქმა უნდა, უარესობისკენ, კარგი მძღოლის მხარეს არაფერი წამოსულა. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ვაპროტესტებთ ტარიფებს, ვაპროტესტებთ ბასლაინში შესვლის და გამოსვლის უფლებას. იმიტომ, რომ ჯარიმები იწერება უკონტაქტო პატრულის მიერ. ვერ ვახერხებთ მგზავრის აყვანა-ჩამოყვანას. რამდენი ხანია ვცდილობთ უკვე, რომ დავუკავშირდეთ ვინმეს, ვინც ამ უხილავ კომპანიასთან დაგვაკავშირებს, დაგვსვამს მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ არავინ არ ჩანს, არავინ არ გვეხმიანება, განცხადებაც ჩაბარებულია, მაგრამ პასუხი და ყურადღება არის ნული”, – ამბობს ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი.