ტაქსის კონკურენტული ბაზრის 30%-ის მიღების ამბიცია-რამდენად სწრაფია „რაში“?

საქართველოში ტაქსის კომპანიების ბაზარზე ორი მოთამაშე ,,Bolt”-ი და ,,Yandex”-ი ლიდერობას არ თმობენ. მათზე აპლიკაციით გამოძახების დაახლოებით 90%-მდე მოდის. ბევრმა კომპანიამ ბაზარზე შეღწევა სცადა, თუმცა ამ ორ გიგანტს კონკურენცია ვერ გაუწიეს.
კონკურენტული გარემო შემაფერხებელ ფაქტორად არ იქცა კომპანია ,,რაშისთვის“, რომელიც ბაზარზე ერთი თვის წინ ამბიციური გეგმებით გამოჩნდა. ბაზრის ახალ მოთამაშეს სურთ, რომ მომავალი წლის დასაწყისისთვის გასათვალისწინებელი კონკურენტი იყოს და ბაზრის სოლიდურ ნაწილს ფლობდეს. რაც შეკვეთების არანაკლებ 30%-იან წილს გულისხმობს. ერთ თვეში ,,რაში” 40 ათასამდე მომხმარებელს მოემსახურა. კომპანიას 4 დამფუძნებელი ჰყავს. ინვესტიცია კი სრულად ქართულია.
ტაქსის ბაზარზე დღეს ძლიერი კონკურენციაა. შეძლებს თუ არა ახალი კომპანია თავის დამკვიდრებას? ,,კომერსანტი” ,,რაშის“ მარკეტინგის მენეჯერს ნოდარ ლაცაბიძეს ესაუბრა. მისი თქმით, კომპანიის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბაზარზე მთავარ მოთამაშეებად უცხოური კომპანიები იქცნენ. ,,რაში“ ფსონს მის ქართულ წარმომავლობაზე დებს.
,,ერთ-ერთი წამყვანი კომპანია რუსულია. ბევრს, ჩვენს გარშემო დიდი უკმაყოფილება ჰქონდა, რადგან რუსული სერვისის გამოყენება არ უნდათ, თუმცა უწევდათ. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია, რომ შექმნილიყო ისეთი სერვისი, რომელიც იქნებოდა პირველ რიგში ქართული და გამჭვირვალე. ასევე ყველასათვის ხელმისაწვდომი.”- აცხადებს ნოდარ ლაცაბიძე.
თავის დამკვიდრებას ,,რაში“ მარკეტინგული კამპანიებით, მძღოლების დაინტერესებითა და მიმზიდველი ტარიფებით გეგმავს.
,,აქტიურად ვმუშაობთ მძღოლებთან და მათ ვთავაზობთ უფრო მიმზიდველ პირობებს. ჩვენი მიზანია, მძღოლების დიდი ნაწილი გადმოვიყვანოთ ჩვენს პლატფორმაზე. ამ ეტაპზე მძღოლებს განვიხილავთ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. მათ ვთავაზობთ მომსახურების დაბალ საკომისიოს. მათ გამომუშავებული თანხიდან უფრო მეტი დარჩებათ. ასევე, ვთავაზობთ მანქანის ბრენდირებას ჩვენი ლოგოებით, რის შემთხვევაშიც სამი თვის განმავლობაში მომსახურების საკომისიოს გადახდის გარეშე შეძლებენ მუშაობას. გვაქვს კვირისა და თვის მიმზიდველი ბონუსები. ასევე შესრულებული შეკვეთების რაოდენობაზე კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მაღალი ბონუსი.”- აცხადებს ,,კომერსანტთან” საუბარში კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი.
,,რი“ აცხადებენ, რომ მომხმარებელს ხელმისაწვდომ ტარიფს სთავაზობენ. ტარიფების მიმართულებით კომპანია კონკურენციას ,,იანდექსს” გაუწევს. ,,რაში” ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მოსახლეობას ემსახურება. წლის ბოლომდე კი ქუთაისსა და ბათუმში შესვლას გეგმავს. ,,რაშის” მარკეტინგის მენეჯერი აცხადებს, რომ კომპანია ბაზარზე გასათვალისწინებელ მოთამაშედ მომავალი წლის დასაწყისიდან გახდება.
შეძლებს თუ არა ახალი კომპანია ბაზარზე თავის დამკვიდრებას და ძლიერი მოთამაშეებისთვის სათანადო კონკურენციის გაწევას? ამ კითხვით ,,კომერსანტმა” საქართველოს ტაქსების ფედერაციის ხელმძღვანელს მიმართა. ზურაბ აგლაძე მიიჩნევს, რომ ,,რაშის” გეგმა მოკლე ვადაში ბაზრის 30% აითვისოს, საეჭვოა.
,,ბევრი ახალი კომპანია ორ გიგანტს ,,Bolt”-სა და ,,Yandex”-ს ვერ უწევენ კონკურენციას. არის მცდელობები, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ. ცოტა ეჭვი მეპარება გამოძახებების 30%-ის მიღებაში. ეს არის დამოკიდებული ინვესტიციაზე, სარეკლამო კამპანიაზე, ავტოპარკსა და სხვა.”- აცხადებს ,,კომერსანტთან“ საუბარში ზურაბ აგლაძე.