ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მეტი არავის. შესაბამისად, ეს კანონი ჩვენზე არ ვრცელდება. თუ გადაწყვეტენ, რომ, მაინცდამაინც ასეთი იარლიყი მოგვეწებონ, მათ შეიძლება სხვა საფუძველიც მოიფიქრონ, ისეთი უსაფუძვლო ბრალდებებით ჰყავთ ხალხი დაკავებული, – ამის შესახებ ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“ თავმჯდომარემ, ტატო ქელბაქიანმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც ის ე.წ FARA-ს კანონის, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ამოქმედებას, მის შედეგებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე მის გავლენას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ამ კანონის ამოქმედების საპირწონედ, არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი მთავარი ინსტრუმენტია სოლიდარობა და კოორდინირებული მოქმედება.
„გახსოვთ ხომ რუსული კანონი, რომელიც იყო მიღებული და რომლითაც უნდოდათ არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვა?! მაშინ ვერ მოახერხეს, პირადად მე არ დავრეგისტრირებულვარ და ჩვეულებრივ გავაგრძელე საქმიანობა. შემდგომში, არჩევნების მერე მიიღეს მთელი რიგი სხვა ტიპის რეპრესიული კანონმდებლობა. ეს არის ერთიანი სპექტრი იმის, რომ მიაღწიონ ერთ რამეს – ჩვენ აღარ გავაგრძელოთ საქმიანობა, როგორც აქამდე ვაგრძელებდით. ჩვენი ამოცანა რა უნდა იყოს? – ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვეულებრივ, როგორც აქამდე ვაკეთებდით. მეც და ჩემი ორგანიზაციაც, ვაპირებთ ჩვეულებრივ, როგორც აქამდე ვსაქმიანობდით, ისე გავაგრძელოთ. ამ კანონმდებლობით გეუბნებიან, რომ უნდა დარეგისტრირდე, რომ შენ ხარ უცხოური პრინციპალის აგენტი და ემსახურები უცხო ქვეყნის ინტერესებს. ეს კანონი ჩემზე არ ვრცელდება. ვისზეც ვრცელდება იმას მიაკითხონ. მე ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს, ჩემი საქმიანობა ამის გარშემოა. თუ ამგვარი ინტერპრეტაცია უნდათ, მაშინ არამარტო ამ კანონით, შეუძლიათ ნებისმიერი სხვა კანონმდებლობითაც ადგნენ და უსაფუძვლო ბრალდებით ვიღაცების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააყენონ. ის, რომ მხოლოდ ამ კანონიდან გამომდინარეა რაიმე ტიპის საფრთხე, ეს უკვე ილუზიაა. არის მცდელობა, რომ რაღაცნაირად მოხდეს დაშინება, დემორალიზება და უბრალოდ საქმიანობა შეწყვიტონ.
მესმის, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა რისკს ზრდის. საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ ამათი ამოცანა პერიოდულად არის რეპრესიული მექანიზმების შემუშავება და ჩაშვება, ამ პროცესის წერტილოვანი დარტყმები, მთლიანად მოშლა სამოქალაქო სექტორის. ერთადერთი რეცეპტი ამ მიმართულებით არის, რომ ჩვეულებრივად აგრძელებ საქმიანობას. ეს რეჟიმი ცდილობს, რომ ისეთი ტიპის იარლიყი აგაკრას, შემდგომში ვერ შეძლო საქმიანობა. თუ ვინმეს ეძებენ, უცხო ქვეყნის აგენტებს, მგონია, რომ თავიდან ბოლომდე რუსული რეჟიმია და მთელი აგენტურა თვითონ არიან. პირველი თვითონ დარეგისტრირდნენ მაშინ. მე მესმის ეს რისკები [სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწყების], განა ვამარტივებ ამ საკითხს. არ ვამბობ, რომ საერთოდ არაა რისკი, მაგრამ მათი ამოცანაც ხომ ისაა, ჩვენ ამ დაშინებით საქმიანობა არ განვახორციელოთ. ეს კანონი მედიასაც ეხება, მთელი სპექტრია იმის, რომ რაღაცნაირად სამოქალაქო სექტორმა უბრალოდ თავის საქმე არ აკეთონ და ეს ველი მოასუფთაონ. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება და გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა.
რაც შეეხება ანტიკორუფციულ ბიუროს, მე მას კორუფციულ ბიუროს უფრო ვეძახი. რა ფუნქცია აქვს ახლა რაჟდენ კუპრაშვილის ამ სამსახურს? – მთელი კორუფციული სქემების შეფუთვისა და დაფარვისთვის არის ეს სამსახური შექმნილი და ახლა უნდათ გამოიყენონ ეს, როგორც რეპრესიული ინსტრუმენტი. ზუსტადაც იარლიყების მიწებება, სტიგმატიზება და დაშინება არის ამ სამსახურის ფუნქცია.
მე ვხედავ გამოსავალს, რომ ჩვენ ჩვენი საქმიანობა უნდა გავაგრძელოთ ჩვეულებრივად. ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მეტი არავის. შესაბამისად, ეს კანონი ჩვენზე არ ვრცელდება. თუ გადაწყვეტენ, რომ, მაინცდამაინც, ასეთი იარლიყი მოგვეწებონ, მათ შეიძლება სხვა საფუძველიც მოიფიქრონ. ისეთი უსაფუძვლო ბრალდებებით ჰყავთ ხალხი დაკავებული, რომ… და კიდევ, ჩვენი მთავარი ინსტრუმენტია სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ და კოორდინირებული მოქმედება. ზუსტად მათი ამოცანაა, მთლიანი ველის მოსუფთავება, რომ აღარ ვისაუბროთ კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, აღარ ვისაუბროთ რეებს ჩადიან ესენი, მეტი კომფორტი რომ ჰქონდეთ. დანარჩენი რასაც ესენი საუბრობენ, ეს არის ამ ყველაფრის პროპაგანდისტულად შეფუთვის მცდელობა“, – განაცხადა ტატო ქელბაქიანმა.
ცნობისთვის, 31 მაისს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი,“ იგივე FARA ძალაში შევიდა.
