პროტესტი არ უნდა გაჩერდეს, მაგრამ მას სჭირდება სხვა სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა, რომ მიზნისკენ უფრო კოორდინირებულად მივიდეთ. ამაზე სხვადასხვა ჯგუფის დონეზე მუშაობა მიდის, ვმსჯელობთ სხვადასხვა ფორმაზე და ბევრი აზრი არსებობს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პროცესში კოორდინაცია უფრო გაძლიერდება და გუშინდელი დღე იმედის მომცემი იყო, – ამის შესახებ „პრევენცია პროგრესისთვის“ დირექტორმა ტატო ქელბაქიანმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „ დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის აქცია იყო კარგი დემონსტრირება იმისა, რომ ქართველი ხალხი არ ნებდება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ერთწლიანმა პროტესტმა აჩვენა სერიოზული წარმატებებიც და სერიოზული ხარვეზები და პრობლემებიც იმ ნაწილში, რომ დღემდე ვერ გახდა შესაძლებელი, ერთიანი პლატფორმა ჩამოყალიბებულიყო და ერთიანი სტრატეგიის ქვეშ ემოქმედა სხვადასხვა აქტორს.
„მე აქ ვგულისხმობ, როგორც პოლიტიკურ ოპოზიციას, ისე სამოქალაქო აქტივისტებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს იმიტომ, რომ რაღაც ნაწილში, მნიშვნელოვანია ერთიანი, კოორდინირებული მოქმედება. ამიტომ, მე ახლა ნამდვილად ვგრძნობ, უფრო მეტი ნიადაგია იმისათვის, რომ ეს ერთიანი პლატფორმა რაღაცნაირად შეიკრას. რა ფორმას მიიღებს, ეს მერე გამოჩნდება. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პროცესია და აქ, პოლიტიკოსებს თავიანთი დღის წესრიგი უნდა ჰქონდეთ, სამოქალაქო აქტივისტებმა თავიანთი საქმე უნდა გააკეთონ, მაგრამ საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ერთ მიზანს უნდა ემსახურებოდეს, რაც არის ამ რეჟიმის იძულება, რომ წავიდეს კომპრომისებზე, ვაიძულოთ, ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და პატიმრები გათავისუფლდნენ.
არათუ საჭირო, არამედ ყოველთვის აუცილებელია ბრძოლის ტაქტიკის კორექტირება. ავტორიტარულ რეჟიმებთან ბრძოლის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ უნდა მოახერხო და იყო ადაპტირებადი, მოქნილი იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ნაბიჯებს დგამს. დაგიხურავს ერთ კარს, უნდა გააღო მეორე და მესამე. მიუხედავად იმისა,რომ ამ დროის განმავლობაში ამდენი რეპრესიული კანონი მიიღეს, მაინც ხდებოდა ფორმების გამონახვა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ტაქტიკის ცვლილება მოხდეს. ამ პროცესში ბევრი გამოწვევა იყო, რაც ყველაზე რთულია, ერთიანი აზრის ჩამოყალიბებაა იმიტომ, რომ ბევრი აზრი, იდეა, სხვადასხვა ჯგუფი არსებობს, მაგრამ ახლა უკვე მეტად არის ნიადაგი მომწიფებული, რომ ყველა ერთ პლატფორმაზე ჩამოყალიბდეს. მე მაქვს ამის იმედი და ვცდილობთ, ამაზე ვიმუშაოთ“, – განაცხადა ტატო ქელბაქიანმა.
მისი თქმით, რუსთაველის გამზირის პროტესტის გაგრძელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არის პროგრამა მინიმუმი, რომელსაც სხვა ტიპის ნაბიჯები უნდა დააშენო.
„ყველასთან მაქვს კომუნიკაცია, რომ ყველა ამ ჯგუფმა რაღაცნაირად უნდა შევძლოთ, რომ ერთიანი კოორდინაციის ფარგლებში ვიმოქმედოთ. შეიძლება ყველა ერთ აზრზე ვერ იყოს და ყველას თავისი ტაქტიკა ჰქონდეს, მაგრამ მიზანი ერთია, ამ მიზნისთვის არის სხვადასხვა შენაკადები და ამ შენაკადებში, ყველამ თავისი ადგილი და როლი უნდა დაინახოს, მაგრამ კოორდინაცია აუცილებელია“, – განაცხადა ტატო ქელბაქიანმა.
მან ასევე ისაუბრა, იმ რეგულაციების გამკაცრებაზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ იყენებს. მისი თქმით, წარმოუდგენელი სისულელეა, რომ პირბადეების გამო ხალხს მეტროებში დასდევენ, მაგრამ უნდა მოხერხდეს, გამოინახოს გზები, რომ ამ პროცესში ზეწოლა და დანაკარგი ნაკლები იყოს და პროტესტი გაგრძელდეს.
„მოვიფიქროთ ინოვაციური, სხვა ტიპის ფორმები, მაგრამ რაც მთავარია, პროტესტი არ უნდა გაჩერდეს, მაგრამ მას სჭირდება სხვა სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა, რომ მიზნისკენ უფრო კოორდინირებულად მივიდეთ. ახლა ამაზე სხვადასხვა ჯგუფში მუშაობა მიდის, ვმსჯელობთ სხვადასხვა ფორმებზე და ბევრი აზრი არსებობს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პროცესში კოორდინაცია უფრო გაძლიერდება და გუშინდელი დღე იმედის მომცემი იყო“, – განაცხადა ქელბაქიანმა.
რაც შეეხება ყოფილი პრემიერისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე ბრალის წარდგენას, ტატო ქელბაქიანის თქმით, ეს „შიდა გარჩევებს“ უკავშირდება.
„ბოლო პერიოდში რაც ხდება, ეს არის შიგა გარჩევები, შიდა ძალაუფლების ერთი ჯგუფის მიერ მეორით ჩანაცვლება. თუ ეს რეჟიმი შენარჩუნდა, ვინც ახლა „გამარჯვებულ მხარესაა“, მერე მათაც მიადგებიან. მოსახლეობას მივმართავ, ამდენი ხანი, თუ ასეთი კორუფციული სქემები იყო, აღმოჩნდა, რომ ყველა ჭაობში იყო ჩაფლული, ერთი პრემიერის გარდა, მე მგონი, ყველას დევნა და ლანძღვა მიმდინარეობდა, თურმე ყველა ცუდი ყოფილა და მაინტერესებს, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ჩვენ არ გვაქვს სასამართლო. ეს პროცესიც შიდა რეკეტულ გარჩევას ჰგავს და მე მგონი,(ირაკლი ღარიბაშვილი ) გარეთ იმიტომ დატოვეს, რომ ის ფული, რაც აქვს მისატანი, კარგად შეაგროვოს“, – განაცხადა ქელბაქიანმა.




