ტატო გრიგალაშვილი – ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა საოცნებო მიზნამდე, ძალიან საწყენია – ფინალი ვიჭიდავე, მაგრამ ფერი აკლია მედალს

ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა საოცნებო მიზნამდე, ძალიან საწყენია , – ამის შესახებ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა ტატო გრიგალაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბევრისთვის წარმატება და საოცნებოა ოლიმპიადაზე მოხვედრა, თუმცა მის მედალს ფერი აკლია.
„ნაწყენი ვარ იმ მხრივ, რომ ვგეგმავდით, მე და ჩემი გუნდი მზად ვიყავით ოქროსთვის, ოქროსთვის უნდა გვებრძოლა. ასეც ვქენით, თუმცა ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა საოცნებო მიზნამდე, ძალიან საწყენია. რთულია – კონკრეტულ მომენტში იქ ხარ, სადაც შენი მიზანია და რჩები ისე, ძალიან საწყენია. წარმატება ბევრისთვის აქ მოხვედრაა – საოცნებო. მე ფინალი ვიჭიდავე, მაგრამ მაინც აკლია, ფერია აკლია [მედალს]“, – განაცხადა გრიგალაშვილმა, რომლის კომენტარსაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
ამასთან, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს ტატო გრიგალაშვილის კომენტარს, სადაც ის მადლობას უხდის გულშემატკივარს.
„პირველ რიგში მადლობა მოლოცვისთვის, გულშემატკივრობისთვის. არ არის ოქრო, მაგრამ რას ვიზამთ. ისღა დარჩენიათ, ჩვენს, დანარჩენ ოლიმპიელებს, რომ შეძლონ და გამოასწორონ. ვიცი, რომ ბიჭებს სწყურიათ გამოსვლაც, ბრძოლაც და იმედი მაქვს, ყველას ექნება ოქრო და ვუსურვებ, ბოლომდე დაიხარჯონ და აუცილებლად დაუფასდებათ შრომაც”, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოუტანა.