ტატა ხვედელიანი – კანონი ამბობს, რომ მერიამ უნდა იმოქმედოს თანხმობის გარეშეც, ადამიანების სიცოცხლის დაცვა არა მერიის კეთილი ნება, არამედ ვალდებულებაა – რაც გუშინ მოხდა, შეეძლოთ, თავიდან აეცილებინათ

გუშინ ყველამ ვიხილეთ ტრაგედია, რომელიც დატრიალდა თევდორე მღვდლის ქუჩაზე – ეს არამხოლოდ საშინელი ტრაგედიაა, არამედ თბილისის მთავრობის გულგრილობის, არაკომპეტენტურობის, კორუმპირებულობისა და უპასუხისმგებლობის შედეგია – რაც გუშინ მოხდა, შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება ცინიკური იყო, „რადგან ის ცდილობს, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა ისევ ხალხს დააკისროს“.
„როცა შენობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ იქ მცხოვრებლებს, არამედ გარშემო მოძრავ ადამიანებსაც, კანონი ამბობს, რომ მერიამ უნდა იმოქმედოს – თანხმობის გარეშეც. მარტივად – ადამიანების სიცოცხლის დაცვა არა მერიის კეთილი ნება, არამედ ვალდებულება და პასუხისმგებლობაა! რაც გუშინ მოხდა – შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ. კანონი ამის ვალდებულებას აკისრებდა. მაგრამ ადამიანების სიცოცხლე მათთვის არაფერია – მოქალაქეები მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდებათ. გახსოვთ, როგორ უწერდნენ 5000-ლარიან ჯარიმებს მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანად აპროტესტებდნენ. მხოლოდ ამ ხალხზე მუშაობს კანონი, მაგრამ როცა საქმე სიცოცხლეს ეხება – მერიამ ხელები დაიბანა და ისევ თბილისის მცხოვრებლების ზურგს ამოეფარა.
ყველამ ვნახეთ 23 ივნისს კალაძის პომპეზური ღონისძიება, სადაც ამაყად აღნიშნავდა, რომ თითქოს ათასობით ავარიული შენობის პრობლემა მოაგვარა. მაშინ, როდესაც თბილისში 10000-მდე ავარიული შენობაა, ჩვენი მოქალაქეები ამ წუთებშიც შველას ითხოვენ: ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, ავლაბარში, სამების ტაძრის მიმდებარედ, ინგოროყვას ქუჩაზე, ჩაიკოვსკისა და ასათიანის ქუჩაზე, ჩუღურეთისა და კრწანისის რაიონები მთლიანად. ამასთან ერთად უმოქმედობით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურება ხდება ქალაქში. ცალსახაა, რომ თბილისის მაღალჩინოსნებს საკუთარი ქალაქი არ უყვართ. არ უფრთხილდებიან ჩვენს მრავალწლიან ისტორიას. ელოდებიან, როდის დაინგრევა რომელიმე სახლი, რომ მერე კორუფციული სქემით დაიპატრონონ ესა თუ ის ტერიტორია და მასზე ააშენონ საცხოვრებელი სახლი ან სასტუმრო ააშენონ. ამ ფონზე, ზოგი ოპოზიციონერი არჩევნებზე ხელაღებით საუბრობს, ვითომ რაღაც სახალისო შეჯიბრია. დღეს თვითმმართველობის თ წყდება, იცხოვრებს თუ არა ადამიანი უსაფრთხოდ ჩვენს ქალაქში. აი, ამიტომ ვართ ჩვენ ამ ბრძოლაში. დღეიდან გელოდებით თბილისის საკრებულოში, შევაგროვოთ ინფორმაცია ავარიულ შენობებზე და ვაიძულოთ მერია აკეთოს ის საქმე, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა. „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დაცული არავინაა – მათ შორის არც „ოცნების“ დღევანდელი მხარდამჭერები. „ოცნებას“ აღარაფრის რესურსი არ აქვს, გარდა საკუთარ თავზე ფიქრისა“, – განაცხადა ხვედელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ