ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

„ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, ახლა უკვე კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილების პროცესს აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება! – ასე აფასებს პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრი ტატა ხვედელიანი აჭარის მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძის საქმეს, რომელიც ცერცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ადგილი აქვს კრიმინალური გარჩევების სააშკარაოზე გამოტანას. მისივე თქმით, მომხდარი „ქართული ოცნების“ კორუმპირებულობის დადასტურებაა.
„პირველ რიგში, თორნიკე რიჟვაძეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ადამიანურად ეს უდიდესი ტრაგედიაა. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ „ოცნების“ კლანური დაპირისპირების გარდა, ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილების პროცესს აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევენებით ხდება. ეს არის ჩვენი ხალხისგან მოპარული ფული. აქ არის განაწილება, ვინ რამდენს დააბრუნებს და ვინ რამდენს ჩაიტანს. ეს არის უბინძურესი პროცესი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ სააშკარაოზე გამოიტანა. გარდა იმისა, რომ ხალხის ფული მოიპარა, გვაყურებინებენ როგორ ანაწილებენ ჩვენივე ფულს!
ეს არის „ქართული ოცნების“ კორუმპირებულობის დადასტურება. ეს გარჩევები მოდის იქედან, რომ „ქართული ოცნება“ კორუფციაშია ჩაფლული, ძალადობს მოსახლეობაზე და ხალხს პარავს ფულს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებულ გეგმებზეც ისაუბრა და როგორც განაცხადა, მათი გუნდის პრიორიტეტია ადგილობრივი სთვის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებად პარტიულად ნეიტრალური პირების მოძიება.
ხვედელიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას მიესალმებიან.
ამასთან, ხვედელიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მათსა და „ლელოს“ შორის წინააღმდეგობრივი პოზიციები არ იყოს და საბოლოო მიზნის მიღწევაში ერთმანეთს დაეხმარნონ. როგორც მან ამ კონტექსტში განმარტა, „ლელო – ძლიერ საქართველოსთან“ იქნება კონსულტაციების იმის თაობაზე, რომ „ერთმანეთის გზები არ გადაკვეთონ და საბოლოო მიზნამდე მისასვლელად ერთმანეთს დაეხმარნონ“.
აქვე ხვედელიანმა განაცხადა, რომ მათი პოლიტიკური გუნდი არ ემხრობა „რაღაც ტყუილ ერთობებს, რაც საბოლოო ჯამში, ბევრ პრობლემას იწვევს“.
„ჩვენ ჩვენს დღის წესრიგს ძალიან თანმიმდევრულად მივყვებით. ჩვენი პოლიტიკური გუნდი პრაგმატულ პოლიტიკას აკეთებს. ჩვენი ამომრჩეველიც მკვეთრ და მყარ პოზიციებს არის მიჩვეული. შესაბამისად, მათთვის არ ყოფილა სიახლე ის, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ცვლილებების მშვიდობიან ფორმებს ვემხრობით, რაც არის არჩევნები.
ჩვენ საპარლამენტო არჩევნების დასრულების მეორე დღიდან განვაცხადეთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადებოდით. შესაბამისად, ის, რომ ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტეთ, სიახლე არ ყოფილა.
დღის წესრიგს მყარად მივყვები და ჩვენს ამომრჩევლეს ვხვდებით. რეჟიმის მთავარი დასაყრდენი პროპაგანდა და პროპაგანდისტული მედია გახლავთ. ამიტომ გვიწევს მეტი საუბარი და მეტი ახსნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანს ემსახურება ჩვენი ეს პოზიცია. საბოლოო ჯამში, ჩვენი ამომრჩეველი ჩვენს ნაბიჯებს ადეკვატურად აფასებს და რაც მთავარია, ისინი ჩვენს მყარ პოზიციებს ხედავენ.
26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე ვთქვით, რომ ეს არჩევნები ხალხის ნებას არ ასახავდა. მაშინვე ვთქვით, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივანიჭებდით. ამის შემდეგ ვხედავდით მოწოდებებს, ისტერიკას და ბულინგს. მაგრამ ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ძალიან მყარად ვდგავართ და დღის წესრიგს მივყვებით.
ჩვენს ამომრჩეველს ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით ბევრი ახსნა არ სჭირდება – დიახ, ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვიღებთ!
გვესმის, რომ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი მძვინვარებს და ეს არის ჩვენი გამოწვევა, თუმცა ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას და არა დანებებას. არჩევნების ბოიკოტი არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ხელისუფლებას მხოლოდ აძლიერებს. ბოიკოტი გაიგივებულია რეჟიმთან დანებებასთან – ამიტომ ჩვენ ვირჩევთ მოძრაობასა და ბრძოლას!
სამწუხაროდ, დღესდღეობით „ქართულ ოცნებას“ მრავალრიცხოვანი რაოდენობის მხარდამჭერი ჰყავს. ჩვენი გუნდი იყენებს ნებისმიერ გზას, რომ „ოცნების“ ამომრჩევლებთან მივიდეთ და „ოცნების“ ნამდვილი სახე ვანახოთ. ის გაურკვევლობა და ქაოსი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა. „ოცნება“ იმ ქაოსში გვაბრუნებს, რომელიც გვეგონა, რომ წლების წინ დავამარცხეთ და დავასრულეთ. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთან საუბარი და მათთვის სიმართლის თქმა, არის ჩვენი სტრატეგია და ჩვენი ბრძოლის გზა“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.