ჯანდაცვის სექტორი DRG-ით დადგენილი ტარიფების გადახედვას ითხოვს – სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არსებულ სისტემაში შესული ცვლილებები პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებისთვის საკმარისი არ არის და არსებული ტარიფებით მუშაობისას მათთვის წარმოუდგენელი ხდება განვითარებაზე ფიქრი, მათ შორის დამატებითი ინვესტიციების განხორციელება.
არსებული ტარიფების პერიოდული გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი & ჯანდაცვის ექსპერტი ნინო მირზიკაშვილიც, რომელიც პროცესში საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობას სვამს ხაზს. მისი თქმით, კლინიკას სჭირდება ფინანსური მოტივაცია იმისთვის, რომ განვითარდეს, დღეს კი სექტორს ამ ნაწილში განსაკუთრებით უჭირს.
“DRG ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და ამაზე ბევრი შეფასება გაკეთდა. ნამდვილად კარგი და სამართლიანი მოდელია, მსოფლიოში აპრობირებული. უბრალოდ ჩვენ არ უნდა ვეცადოთ ქართული DRG-ის მოგონებას და დანერგვას.
თუ გავითვალისწინებთ არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას, ორი წლის წინ რომ ტარიფი დადგინდა, დღეს ის ტარიფი, რა თქმა უნდა, არ არის ადეკვატური. ტარიფების მუდმივი გადახედვა და კერძო სექტორთან სწორი თანამშრომლობა DRG-ის საფუძველია. ეს არის აქ მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ერთხელ დადგენილი ტარიფი არ ნიშნავს, რომ სულ ის ტარიფი უნდა იყოს. ფინანსური, დაინტერესების გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, რომ კარგ მომსახურებაზე, აი, ამ კონკურენციის პირობებში ვიფიქროთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ DRG-ის ქართული მოდელი არ იქნას მოგონებული და მივდიოთ იმ პრაქტიკას, რომელიც უცხოეთშია, საერთაშორისოდ აპრობირებული და გავითვალისწინოთ ყველა ის ნაბიჯი, რაც უკვე გაიარეს სხვა ქვეყნებმა, მაგალითად ესტონეთმა, როდესაც ნერგავდა DRG-ის”, – ამბობს ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჯანდაცვის ექსპერტი ნინო მირზიკაშვილი.
ცნობისთვის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებს სახელმწიფო ორ წელზე მეტია DRG სისტემით აფინანსებს და ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკების მოთხოვნის მიუხედავად, მასში ძირეული ცვლილებები არ შესულა. ბოლო კორექტირებების შედეგად, სამინისტრომ პაციენტის თანაგადახდის მექანიზმი დაუშვა მხოლოდ რამდენიმე სამედიცინო მომსახურების დროს, პაციენტს შეუძლია ვიპ პალატის მომსახურებაზე და მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანხები საკუთარი ჯიბიდან დაამატოს. ცვლილებებს სექტორი ითხოვდა კომბინირებულ ოპერაციებთან მიმართებითაც, თუმცა ამ დრომდე ამ კუთხით ნაბიჯები არ გადადგმულა.
