ტარიფებთან დაკავშირებით აშშ-თან შეთანხმებას აუცილებლად მივაღწევთ, – ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა.
მექსიკის პრეზიდენტის თქმით, იმედი აქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული 30%-იანი ტარიფების ამოქმედებამდე, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.
„მივიღეთ პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილი წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მექსიკიდან აშშ-ში ექსპორტირებულ ყველა საქონელზე 30%-იანი ტარიფი დაწესდება. ჩვენი კოლეგების გუშინდელი განხილვის საფუძველზე გვჯერა, რომ აშშ-თან შეთანხმებას მივაღწევთ და, რა თქმა უნდა, უკეთესი პირობებით. ჩვენ ვიცით, რასთან დაკავშირებით შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ აშშ-თან და რასთან არა. არის რაღაც, რაზეც არასდროს გვექნება მოლაპარაკებები და ეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტია“,- განაცხადა შეინბაუმმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ პირველი აგვისტოდან მექსიკისთვის 30%-იანი ტარიფი ამოქმედდება.
