ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება, აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ჩაწერს ინტერვიუს.
„მოსკოვში ვართ, ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად. ასეთი ინტერვიუს ჩაწერას, ბუნებრივია, რისკები ახლავს თან, რის გამოც ამაზე თვეების განმავლობაში საკმაოდ ვფიქრობდით“, – აღნიშნა მან X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) გამოქვეყნებულ მიმართვაში და დაასახელა მიზეზები, რომელთა გამოც პუტინთან ინტერვიუს ჩატარება გადაწყვიტა.
მისი თქმით, მიზანი ამერიკელების ინფორმირებაა, რომლებმაც არაფერი იციან უკრაინაში მიმდინარე ომზე, რომელიც, კარლსონის თქმით, მნიშვნელოვნად ცვლის გლობალურ სამხედრო და ეკონომიკურ ვითარებას და იწვევს ისტორიის შემცვლელ ცვლილებებს. „ამავე დროს, ინგლისურენოვანი ქვეყნების მოსახლეობა დიდწილად ფიქრობს, რომ არაფერი შეცვლილა. იმიტომ, რომ სიმართლე მათთვის არავის უთქვამს“, – დასძენს იგი.
კარლსონი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუები ამერიკულ მედიასაშუალებებთან არა ჟურნალისტიკა, არამედ სახელმწიფო პროპაგანდაა, ხოლო არც ერთ დასავლელ ჟურნალისტს ომის შემდეგ არ ჩაუწერია ინტერვიუ პუტინთან. „ამერიკელთა უმრავლესობამ არც კი იცის, რატომ შეიჭრა პუტინი უკრაინაში. მათ არასდროს გაუგიათ მისი ხმაც კი. ეს არასწორია. ამერიკელებს აქვთ უფლება, ყველაფერი იცოდნენ ომზე, რომელიც მათზე ახდენს გავლენას. ჩვენ კი უფლება გვაქვს, მათ მოვუყვეთ“, – ხაზს უსვამს იგი.
კარლსონის მოსკოვში ვიზიტის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. მედიაში იწერებოდა, რომ იგი ვლადიმერ პუტინთან ჩაწერდა ინტერვიუს, თუმცა აქამდე ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდებოდა.
ტაკერ კარლსონი ამერიკელი ტელეჟურნალისტია, რომელიც სხვადასხვა ტელეარხზე, ბოლოს კი „ფოქს ნიუსზე“ მუშაობდა, საიდანაც გათავისუფლების შემდეგ მან საკუთარი გადაცემა ინტერნეტში და X-ზე გადაიტანა.
კარლსონი, თავისი პოპულარობის გამო, ხშირად ახდენდა გავლენას ამერიკელი კონსერვატორების და რესპუბლიკური პარტიის დღის წესრიგზე.
იგი რესპუბლიკური პარტიის პალეოკონსერვატიულ (ულტრა-მემარჯვენე, რადიკალურ) ჯგუფს მიეკუთვნება — ემხრობა იმიგრაციის მკაცრად შეზღუდვას, საგარეო იზოლაციონიზმს, ეკონომიკურ ნაციონალიზმს, ასევე მხარს უჭერს კონსერვატიულ ღირებულებებს გენდერთან, სექსუალობასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით.
საკამათოდ მიიჩნევა მისი პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის თაობაზე – სრულმასშტაბიან ომამდე მას ნათქვამიც კი აქვს, რომ მხარს რუსეთს უჭერს. მოგვიანებით თქვა, რომ ეს განცხადება ხუმრობა იყო.
„რატომ უნდა მადარდებდეს, რა ხდება უკრაინისა და რუსეთის კონფლიქტში? სერიოზულად. რატომ უნდა მადარდებდეს? რატომ არ უნდა ვგულშემატკივრბდე რუსეთს? ვგულშემატკივრობ კიდეც“, – ამბობდა კარლსონი.
გარდა ამისა, კარლსონის ზოგი გამოსვლა რუსულ სახელისუფლები მედიაშიც შუქდება, როგორც დასტური პუტინის პოლიტიკის სისწორისა.
აგრეთვე, კარლსონს ნათქვამი აქვს, რომ „აშშ და გაერთიანებული სამეფო რუსეთთან ტოტალურ ომს ითხოვენ“; გამეორებული აქვს რუსული ნარატივი, თითქოს უკრაინა არ არის რეალური ქვეყანა და „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იმართება“.
მისივე თქმით, ვაშინგტონი უკრაინას იარაღს აწვდის „რუსეთის დასასჯელად“:
„უკრაინელებს იარაღს დასახმარებლად არ ვაწვდით. ამ ყველაფერში ისინი მხოლოდ უბედური პაიკები არიან. უკრაინას იარაღს რუსეთის დასასჯელად ვაწვდით. რატომ? ჰილარი კლინტონის [2016 წლის არჩევნებში] კორონაციის მოპარვისთვის“.