ტაილანდისა და კამბოჯის ჯარისკაცებმა საზღვრის სადავო მონაკვეთზე ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ტაილანდის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ორი ჯარისკაცი დაშავდა, მას შემდეგ, რაც კამბოჯელმა სამხედროებმა სადავო ტერიტორიაზე მდებარე ტაილანდის არმიის ბაზის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
ტაილანდის საპასუხოდ, კამბოჯის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კამბოჯელი სამხედროები თავდაცვის მიზნით მოქმედებდნენ, მას შემდეგ, რაც ცეცხლი პირველად ტაილანდელმა ჯარისკაცებმა გახსნეს.
კამბოჯის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, მალი სოჩეატამ განაცხადა, რომ „ტაილანდმა კამბოჯის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია“.
ამასთან, საზღვარზე ნაღმის აფეთქების შედეგად, ტაილანდელი ჯარისკაცის დაშავების შემდეგ, გუშინ ტაილანდმა კამბოჯიდან თავისი ელჩი გაიწვია.
ცნობისთვის, ტაილანდსა და კამბოჯას შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მაისში საზღვარზე შეტაკებების შედეგად, ერთი კამბოჯელი ჯარისკაცი დაიღუპა.
