ტაილანდელ დეპუტატს მონარქიის შეურაცხყოფისთვის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ტაილანდის სასამართლომ 29 წლის დეპუტატს რუკშანოკ სრინოკს მონარქიის შეურაცხყოფისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პარლამენტარს ბრალი მონარქიის შეურაცხყოფისთვის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების საფუძველზე დაუმტკიცდა.
რუკშანოკ სრინოკი პარტია Move Forward-ის წევრია. სრინოკმა მონარქიის შეურცხმყოფელი პოსტები სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) 2020 წელს დაწერა.
რუკშანოკ სრინოკი სოციალურ ქსელებში ამტკიცებდა, რომ ტაილანდის მთავრობა Covid-19-ის ვირუსის ვაქცინების ქვეყანაში განაწილებას მონარქიის იმიჯის გასაუჯობესებლად იყენებდა.
ტაილანდში “გვირგვინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის”, იგივე Lèse-majesté, შესაბამისი კანონი მსოფლიოში ერთ-ერთი უმკაცრესია. ტაილანდის მეფის, დედოფლის ან ტახტის მემკვიდრის შეურაცხყოფა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მხოლოდ 2020 წლის შემდეგ ტაილანდში მონარქიის შეურაცხყოფის ბრალდება 262 ადამიანს დაუმტკიცდა.