ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა 5 ამერიკულ სამხედრო მწარმოებელს ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო სანქციებს დაუწესებს.
პეკინი დაასანქცირებს შემდეგ კომპანიებს: BAE Systems Land and Armaments, Alliant Techsystems Operations, AeroVironment, Viasat და Data Link Solutions. ჩინეთში მათი აქტივები გაიყინება და კერძო პირებსა და ორგანიზაციებს მათთან საქმის დაჭერა აეკრძალებათ.
ამერიკული იარაღის ტაივანისთვის მიყიდვა ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი თემაა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ თვეში ტაქტიკური საინფორმაციო სისტემების შესანარჩუნებლად ტაივანისთვის $300 მილიონის აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ბოლო პერიოდში ამერიკული იარაღის ტაივანისთვის მიყიდვა “ჩინეთის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოების ინტერესებს სერიოზულად უთხრის ძირს, ტაივანის სრუტეში მშვიდობასა და სტაბილურობას კი სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს”.
პეკინის მიერ დაანონსებული სანქციები დროში ემთხვევა ტაივანში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 13 იანვარს უნდა გაიმართოს.