ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი რამე მომხდარა სხვა ქვეყნებშიც, პირველი შემთხვევა არ იქნება საქართველო,” – ასე აფასებს საქართველოში პარტიების აკრძალვის შესაძლებლობას სახალხო დამცველი.
ომბუდსმენის მტკიცებით, ასეთი რამ გერმანიაშიც მომხდარა, ესპანეთშიც, თურქეთშიც და საქართველოშიც. ლევან იოსელიანი იხსენებს, ზვიად გამსახურდიას მიერ კომუნისტური პარტიის აკრძალვას.
“უპირველესად, არ ვიცი სარჩელი, მერე არ ვიცი ამ სარჩელში რა საფუძვლები იქნება მოყვანილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. ერთი რამე ვიცი ზუსტად – ადამიანები, რომლებიც ადამიანების უფლებების სისტემურ ფეხქვეშ გათელვაში იღებდნენ მონაწილეობას, როცა არ უნდა ყოფილიყვნენ, ვინც ამ ყველაფერში იყო ჩართული, ვინც ამას ამართლებდა, იმ ადამიანების მე პოლიტიკაში ხილვა არ მინდა.
მე არ მინდა, რომ ჩემ მომავალს განსაზღვრავდეს ის ადამიანი, ვინც გუშინ ციხეში ადამიანებს აწამებდა. ძალიან ბევრი არის, ვინც ამას ამართლებდა, ვინც ამის მონაწილე იყო. […]
ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი რამე მომხდარა სხვა ქვეყნებშიც, პირველი შემთხვევა არ იქნება საქართველო. გერმანიაშიც მომხდარა, ესპანეთშიც მომხდარა, თურქეთშიც მომხდარა, საქართველოშიც მომხდარა, ზვიად გამსახურდიამ თავის დროზე აკრძალა კომუნისტური პარტიის მონაწილეობა.
სასამართლომ უნდა მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება, სასამართლო თუ იქნება დაუსაბუთებელი, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო ამ ყველაფერზე განსხვავებულ მოსაზრებას გამოაქვეყნებს – ეს ის საკითხი არ არის, რაც საბოლოო ჯამში გაურკვეველი დარჩება” – ამბობს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე TV პირველის ეთერში.
შეგახსენებთ, „ძლიერი საქართველო – ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს “ქართული ოცნების” მიერ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კანონის გასასაჩივრებლად. პარტიას მზად აქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შეიტანენ საკონსტიტუციო სასამართლოში, რის შემდეგაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.
შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო სარჩელში ისინი 10 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას განიხილავენ.
სადავო პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში კვირის ბოლომდე შევა.
„ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, აკრძალული პარტიის წევრებსა თუ მათთან დაკავშირებულ ადამიანებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებას სამუდამოდ ჩამოართმევენ.
ხელისუფლებაში მყოფი პარტია გეგმავს, სარჩელს საფუძვლად დაუდოს სადავო პარლამენტში მის მიერვე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომლითაც შესწავლილია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა.
„ქართული ოცნების“ მიერ შედგენილ სიაში ისეთი პირებიც იქნებიან, რომლებიც შესაძლოა „ასაკრძალი“ ოპოზიციური პარტიების წევრები არც იყვნენ, თუმცა მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ თავიანთი საქმიანობით ისინი „თანხვედრაში არიან ასაკრძალი პარტიების მიზნებთან“.




