ერთიანი ნაციონალური მოძრაობის იურისტის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, შსს-ს წარმომადგენლები არ ეუბნებოდნენ, თუ სად ჰყავდათ გასულ ღამეს, აქციის დროს დაკავებული 14 პირი:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არ გვეუბნებოდნენ, თუ სად ჰყავდათ დაკავებულები, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა ძალებით გავარკვიეთ, რომ დაკავებულები გადაყვანილი ჰყავთ სხვადასხვა იზოლატორებში – ზოგი თბილისში, ზოგი ზაჰესში, ზოგიც რეგიონში.
ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში, ძალიან კარგად ჩანს უფლებამოსილების გადამეტება, ძალადობით. კადრებში ჩანან პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მოქალაქეებს აკავებდნენ, ურტყამდნენ ხელს, ფეხს. ამ ყველაფერზე უნდა დაინტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და უნდა მიეცეს შესაბამისი სამართალწარმოება, მაგრამ როგორც ყოველთვის ისინი არ დაიწყებენ, რადგან ეს ყველაფერი არის ერთი სისტემა, მათ ჰყავთ ერთი მმართველი და ცდილობენ, რომ ადამიანები არამხოლოდ დააკავონ, არამედ შეაშინონ, მათზე იძალადონ, რომ ვეღარ მოახდინონ თავისუფალი ნების გამოხატვა, რომელიც მათ აქვთ კონსტიტუციით გარანტირებული.“