სხეულის 48% აქვს დამწვარი ლოტკინზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულ გოგოს

სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია ახალგაზრდა ქალი, რომელიც ლოტკინზე აფეთქების დროს დაშავდა. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პაციენტს დამწვარი აქვს სხეულის 48%.
„ამ წუთისათვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სერიოზული დამწვრობა აღენიშნება. დამწვარი აქვს სხეული 48% – სახე, თავის მიდამო, გულ-მკერდის არე, ორივე ზემო კიდური, ზურგი. ამას ემატება დამწვრობით შოკი, თუმცა მისი მდგომარეობა არის სტაბილური“, – ამბობს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი.
წუხელ, გვიან ღამით თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ორი აფეთქება მოხდა. წინასწარი ვერსიით, ორივე შემთხვევაში მიზეზი ბუნებრივი გაზის გაჟონვაა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი: 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით. იძიებს უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.
ფორუმი