სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება დამამცირებელი და ღირსების შემლახავია – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ეხმიანება ელენე ხოშტარიას დაკავებისა და მის მიმართ პოლიციის განყოფილებაში, ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორში არასათანადო მოპყრობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც ელენე ხოშტარია აცხადებს, მას პოლიციელებმა ჯერ სახეში მიაყენეს დაზიანება, შემდეგ კი იზოლატორში გააშიშვლეს.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ სამართალდამცველების მხრიდან სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება და ამგვარი პრაქტიკა, პირის მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობაა.
„ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის მე-5 მუხლით განსაზღვრულია, რომ პირადი დათვალიერების დროს, დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება. განსაკუთრებით საყურადღებოა მსგავსი მოპყრობა ქალების მიმართ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 29 მარტს, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე. სახალხო დამცველის წარმომადგენელი იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგაც დაუკავშირდა ელენე ხოშტარიას და მან კვლავ უარი განაცხადა აპარატთან თანამშრომლობაზე.
სახალხო დამცველის აპარატი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის საქმეს და შემდგომი რეაგირებისთვის ყველა შესაბამის უწყებას მიმართავს“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
ელენე ხოშტარია 28 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს, სადაც მოქალაქეები „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიმდინარე გამოკითხვას აპროტესტებდნენ. ის 29 მარტს საღამოს გაათავისულეს.
ელენე ხოშტარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით იყო დაკავებული, რაც წვრილმანი ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.