სხეულები ტვინის გარეშე და ღორის ორგანოები – რამდენად არის მზად მეცნიერება, რომ პუტინისა და სი ძინპინის საუბარი სიცოცხლის 150-წლამდე ხანგრძლივობაზე რეალობად აქციოს?
რუსეთის ლიდერის განცხადებამ, რომ ადამიანების „გაახალგაზრდავება“ ორგანოების განმეორებითი გადანერგვით შესაძლებელი იქნება, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
დიალოგი რუსეთის, ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის ცოტა ხნის წინ, პეკინში გამართულ სამხედრო აღლუმზე შედგა.
როგორც Bloomberg წერს, პუტინს, სი ძინპინსა და კიმ ჩენ ინს შორის არსებული საუბარი მიკროფონებმა შემთხვევით ჩაიწერეს.
“ადრე ადამიანები იშვიათად აღწევდნენ 70 წელს. ახლა კი 70 წლის ასაკში ისევ ბავშვი ხარ”, – თქვა სი ძინპინმა.
ასევე დაგაინტერესებთ09:39 / 04-09-2025
დიალოგი სიცოცხლის გახანგრძლივებასა და უკვდავებაზე – რა ისმის პუტინისა და სი ძინპინის საუბრის ჩანაწერში?
მას პუტინი (ვიდეოში ისმის მისი სიტყვების ჩინურ ენაზე თარგმანი) ასე პასუხობს:
“ბიოტექნოლოგიების დახმარებით ორგანოების შეუზღუდავად შეცვლა იქნება შესაძლებელი… რაც უფრო დიდხანს იცხოვრებენ ადამიანები, მით უფრო ახალგაზრდები გახდებიან და ისინი შეძლებენ უკვდავებასაც კი მიაღწიონ”,
ჩინელმა ლიდერმა მიუგო:
“ზოგიერთი პროგნოზის მიხედვით, ამ საუკუნეში ადამიანები შეძლებენ 150 წლამდე იცხოვრონ”.
პუტინსა და სი ძინპინს გვერდით ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მიჰყვებოდა. ჩანაწერში ისმის თარჯიმნის ფრაზა კორეულ ენაზე, სადაც ორგანოთა ტრანსპლანტაციაზეა საუბარი.
კრემლს გავრცელებულ ვიდეოზე კომენტარი არ გაუკეთებია.
შესაძლოა ეს საუბარი ხუმრობანარევი ვარაუდები იყო, მაგრამ ორგანოების გადანერგვის სფეროში მიღწეულმა პროგრესმა და სხვა ბიოტექნოლოგიურმა მიღწევებმა ცხადყო, რომ ასეთი მომავალი შესაძლოა შორს ნამდვილად არ იყოს.
· მიაღწია თუ არა მეცნიერებამ იმ დონეს, რომ მსგავსმა პროცედურებმა ჯანმრთელი ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივება და ტერმინალური დაავადებების მქონე ადამიანების გადარჩენა შეძლონ? – აი რას წერს the guardian -ი ამის შესახებ.
“ზოგიერთი პაციენტისთვის ორგანოების ტრანსპლანტაციის საჭიროება აშკარაა. თირკმლის დაავადების, ღვიძლის დაავადების ან გულის დაავადების ბოლო სტადიის დროს ტრანსპლანტაცია, როგორც წესი, სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ეს ნამდვილად გადაარჩენს სიცოცხლეს,“ – აცხადებს თირკმლის ტრანსპლანტაციის პროფესორი ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯში, რეზა მოტალებზადე.
ორგანოებისა და ქსოვილების ფართო სპექტრის გადანერგვა ახლა უკვე შესაძლებელია. სია მუდმივად იზრდება. პაციენტები გულის, ფილტვების, თირკმელების, პანკრეასის, ღვიძლის, წვრილი ნაწლავის, კანის, ძვლის, გულის სარქველების და რქოვანას გადანერგვის რიგში წლობით დგანან.




