დაპირისპირება იყო დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თორნიკე სხვიტარიძისა და ანა ქავთარაძის საქმის განხილვის დაწყებამდე. ხმაური მოჰყვა სხდომის დარბაზში შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტების დამსწრის სტატუსით შესვლას, რის გამოც თავად სხვიტარიძისა და ქავთარაძის ოჯახის წევებისა და მეგობრების ნაწილმა ვერ მოახერხა შესვლა.
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ შსს-ს წარმომადგენლები იძულებულები გახდნენ, დარბაზი დაეტოვებინათ. სხდომა კი დიდ დარბაზში გაგრძელდა.
რა ხდება?
თორნიკე სხვიტარიძე პროევროპულ აქციაზე, პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით დაკავებული საბა სხვიტარიძის ძმაა. ანი ქავთარაძე კი პარტია “ახალის” წევრი. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის შეურაცხყოფას ედავება.
ინციდენტი მოხდა 17 აპრილს, როცა საბა სხვიტარიძის საქმეზე დაიკითხა დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი, მირიან ქავთარაძე. დაცვის მხარე და სხვიტარიძის მხარდამჭერები მას ცრუ მოწმეს უწოდებენ და ირწმუნებიან, რომ სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. სხდომის დასრულების შემდეგ ის დარბაზიდან შეძახილების ფონზე გააცილეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ანი ქავთარაძესა და თორნიკე სხვიტარიძეს სწორედ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავება და მათ სამართალდამრღვევად ცნობას მოითხოვს.
სხდომა თავდაპირველად მცირე დარბაზში ჩაინიშნა. დაწყებამდე დარბაზის წინა რიგები დაიკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტებმა, რომლებიც იქ როგორც დამსწრეები ისე შევიდნენ. მართალია, ღია სხდომაზე დასწრების უფლება ყველას აქვს, მაგრამ პრობლემა იქმნება მაშინ, როცა დარბაზის სიმცირის გამო სხმას ვერ ესწრებიან იმ ადამიანების ოჯახის წევრები და ახლობლები, რომელთა საქმეც განიხილება.
ამის მიუხედავად, დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ დარბაზის წინა რიგებს შსს-ს წარმომადგენლები იკავებენ. ეს ძირითადად ხდება სისხლის სამართლის საქმეებზე. დარბაზში შედიან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული კაცები, რომელთა შორის ჟურნალსტებსა და აქტივისტებს არაერთხელ ამოუცნიათ მოქმედი პოლიციელები. ეს პირველი შემთხვევაა, როცა პოლიციელი კაცების ნაცვლად, დარბაზის წინა რიგების დაკავება შსს-ს იურისტმა ქალებმა სცადეს.
ისინი მედიის კითხვებს, ვინ არიან და რა სტატუსით ესწრებიან სხდომას, ძირითადად, არ პასუხობენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მათ ამის უფლება ისევე აქვთ, როგორც ნებისიმერი სხვა ადამიანს.
ასევე, დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ დარბაზის სიმცირისა და სხდომაზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის შემთხვევაში, მანდატურები პრიორიტეტს ანიჭებენ ბრალდებულთა და სავარაუდო სამართალდამრღვევთა ოჯახის წევრებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს. თუმცა, როცა ადგილებს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული შსს-ს თანამშრომლები იკავებენ, მანდატურები, ჩვეულებრივ, დარბაზიდან არა მათ, არამედ ოჯახის წევრებისა და მეგობრების გაყვანას ცდილობენ.
