თუ აშშ აღარ არის სანდო პარტნიორი, მაშინ სჭირდება თუ არა გერმანიას საკუთარი ბირთვული იარაღი მტრული ძალების შესაკავებლად? რამდენად არის ეს შესაძლებელი? შეუძლია თუ არა საფრანგეთის ბირთვულ ქოლგას გერმანიის დაცვა? გთავაზობთ ამ კითხვებზე ექსპერტების ანალიზს.
ექსპერტების თქმით, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის აქამდე არსებულმა ბირთვულმა ბალანსმა ხელი შეუშალა პირდაპირ ომში ამ ორი ზესახელმწიფოს ჩაბმას. ათწლეულების განმავლობაში გერმანიაც თავს უსაფრთხოდ გრძნობდა, რადგან აშშ ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ მისი ბირთვული არსენალი ევროპასაც დაიცავდა. თუმცა, ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, ეს დაცვა აღარ არის გარანტირებული და საბედისწერო შედეგების ალბათობაც გაზრდილია. კიოლნის უნივერსიტეტის პოლიტიკის პროფესორი, თომას იეგერი, აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე რუსეთის სამხედრო ძალის მხრიდან „შანტაჟის რეალურ საფრთხეს“ ხედავს.
აი, რატომ განიხილავს გერმანია საკუთარ ბირთვულ იარაღის შექმნის შესაძლებლობას. „ჩვენ ახლა ვართ სიტუაციაში, როდესაც ეს აღარ შეიძლება მთლიანად გამოირიცხოს“, – აცხადებს ოსლოს უნივერსიტეტის ბირთვული იარაღის ექსპერტი, ფაბიან ჰოფმანი „ბავარიის რადიოსთვის“ („Bayerischer Rundfunk“ – BR24) მიცემულ ინტერვიუში.
თეორიულად, გერმანიას საკუთარი ბირთვული რაკეტების შექმნა შედარებით მოკლე დროში შეუძლია. ჰოფმანის თქმით, ამისთვის საჭირო საშუალებები და ცოდნა ქვეყანაში უკვე არსებობს. გერმანიას აქვს მაღალგამდიდრებული ურანი კვლევითი მიზნებისთვის, რომელიც 15-მდე ბირთვული ქობინის დასამზადებლად გამოდგება. ტანკებთან და საბრძოლო თვითმფრინავებთან დაკავშირებულ მაღალ ხარჯებთან შედარებით, ასეთი ბირთვული რაკეტების წარმოება გაცილებით იაფი იქნებოდა.
თუმცა, ამის საიდუმლოდ გაკეთება შეუძლებელი იქნება, რადგან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) დაუყოვნებლივ დაარეგისტრირებს ბირთვული ინფრასტრუქტურის კონვერსიას. ამას ემატება უზარმაზარი პოლიტიკური ფასი: გერმანიას, „ორი პლუს ოთხის“ ხელშეკრულებით და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებით, აღებული აქვს ვალდებულება, არასდროს ჰქონდეს ბირთვული რაკეტები. ამ ხელშეკრულებების დარღვევა საბედისწერო სიგნალი იქნებოდა საერთაშორისო საზოგადოებისთვის , რომლისთვისაც გერმანია დღემდე მაგალითის მიმცემია.
ყოველივე ამას, სავარაუდოდ, ეკონომიკური ან პოლიტიკური სანქციებიც დაემატება. ჰოფმანის თქმით, ასევე არსებობს რუსეთის პრევენციული თავდასხმის რისკი: „რუსეთი, შესაძლოა, არ დაელოდოს, სანამ გერმანია საპასუხო ბირთვული დარტყმის შესაძლებლობას მოიპოვებს“, – ამბობს ექსპერტი.
ამ კუთხით, გამოსავალი უფრო რეალურად გამოიყურება: გერმანიის მეზობელ საფრანგეთს უკვე აქვს ბირთვული იარაღი. ამიტომ, ბუნებრივად იბადება კითხვა: შეძლებს თუ არა პარიზი აშშ-ს ჩანაცვლებას და თავისი ბირთვული ქოლგის გერმანიაზე გავრცელებას? საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკვე მიანიშნა, რომ ამ საკითხზე მსჯელობისთვის მზად არის.
თუმცა, საფრანგეთის ბირთვული არსენალი, რომელიც რამდენიმე ასეული ქობინით შემოიფარგლება, მნიშვნელოვნად მცირეა აშშ-ს განკარგულებაში არსებულ დაახლოებით 5 000 ქობინთან შედარებით. გარდა მისა, საფრანგეთს არ აქვს თავისი ბირთვული ქობინების სიმძლავრის ისეთი დიაპაზონი, როგორიც აშშ-ს გააჩნია. თავის მხრივ, ბირთვული არსენალის სიმძლავრე აშშ-ს საშუალებას აძლევს, რეაგირება სცენარის მიხედვით მოახდინოს, ეს კი ვაშინგტონის შეკავების პოლიტიკას, მთლიანობაში, უფრო ეფექტურს და საიმედოს ხდის.
ექსპერტ ფაბიან ჰოფმანისთვის ერთი რამ ნათელია: მხოლოდ ბირთვული იარაღის ფლობა საიმედო შემაკავებელ ფაქტორს არ წარმოადგენს. „ბირთვული შეკავების რეალური პრობლემა მდგომარეობს მტრის დარწმუნებაში, რომ თქვენ ნამდვილად ხართ მზად, ეს ქობინები გამოიყენოთ“, – ამბობს ჰოფმანი.
ჩნდება კითხვა: დაიცავს თუ არა საფრანგეთი სხვა ქვეყნებს თავისი ბირთვული იარაღით, თუ ეცოდინება, რომ ამას, სავარაუდოდ, პარიზზე საპასუხო ბირთვული დარტყმა მოჰყვება? ეს კიდევ უფრო ძნელად წარმოსადგენია გერმანიისთვის, რადგან ეგზისტენციალური საფრთხე გერმანიისთვის, სავარაუდოდ, ასევე ნიშნავს ეგზისტენციალურ საფრთხეს საფრანგეთისთვის. ფრანგული ბირთვული რაკეტებით ბალტიის ქვეყნებისა და ბალტიისპირეთში ნატო-ს გარე პერიმეტრის დაცვა კი კიდევ უფრო ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება.
ასევე ლეგიტიმურია კითხვა, საფრანგეთში მთავრობის ცვლილების შემთხვევაში, ძალაში დარჩება თუ არა მეზობელი ქვეყნის ბირთვული დაცვის დაპირება. მითუმეტეს, მაკრონის მოწინააღმდეგე მარინ ლე პენმა უკვე განაცხადა, რომ საფრანგეთის ბირთვული იარაღის სხვებისთვის გაზიარებას მხარს არ უჭერს.
გამოსავალი ერთობლივი ევროპული ბირთვული იარაღის პროგრამის შექმნა ხომ არ იქნებოდა? უსაფრთხოების ექსპერტი, ნიკო ლანგე სკეპტიკურადაა განწყობილი. მისი თქმით, ეს ვარიანტი, კრიზისის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის, კომპეტენციისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის კოორდინირებას პრაქტიკულად გამორიცხავს. „ევროპული ბირთვული ბომბის იდეა შეცდომაში შემყვანია, ისევე როგორც ევროპული არმიის იდეა. ორივე კარგად ჟღერს, მაგრამ განხორციელება არ უწერია და ამავე დროს, არც არის სასურველი: სამხედრო ოპერაციები ეროვნული საკითხებია, რომლებიც ეროვნულ დონეზე უნდა გადაწყდეს“, – ამბობს ლანგე.
ლანგე და ჰოფმანი მიიჩნევენ, რომ ისეთი ბირთვული ძალის მქონე ქვეყნის შეკავება, როგორიც რუსეთია, საკუთარი ბირთვული იარაღის გარეშეც არის შესაძლებელი. მათი აზრით, ამ მიზნის მისღწევად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ჩვეულებრივი, კონვენციური იარაღით სწრაფად და ეფექტურად შეიარაღდნენ.
